არჩილ თალაკვაძე - „ევროპულმა საქართველომ“ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოთხოვნები ჩადო, რამაც უთანხმოება გამოიწვია
არჩილ თალაკვაძე - „ევროპულმა საქართველომ“ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში პოლიტიკური მოთხოვნები ჩადო, რამაც უთანხმოება გამოიწვია

დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის გარშემო უთანხმოება გამოიწვია იმან, რომ მასში „ევროპულმა საქართველომ“ პოლიტიკური მოთხოვნები ჩადო, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, კომისიის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიას ჰქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც კომისიის მუშაობის საკითხები განიხილეს.

„ერთი რამ ნათელია – ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად გახსნილი. ამისთვის უმრავლესობაც მივეცით ოპოზიციას კომისიაში, ვინაიდან მიგვაჩნდა, რომ ამ საქმეში დასამალი მართლაც არაფერი იყო  და როგორც ნახეთ, კომისიამ საბოლოო შედეგის თვალსაზრისით დაადასტურა, რომ ხელისუფლების ჩარევა მართლმსაჯულების წინააღმდეგ არ ხდება, როდესაც ამ საქმეს ეხება საკითხი და პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების წინააღმდეგ რეალურად არ დადასტურდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მან კომისიის დასკვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ დასკვნაში დიდწილად პოლიტიკური მოთხოვნები ასახა.

„რაც შეეხება ანგარიშს,  ანგარიშის გარშემო უთანხმოება გამოიწვია იმან, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ჩადო დიდი წილი პოლიტიკური მოთხოვნებისა ამ ანგარიშში, რაც მიგვაჩნია, რომ სცდება რეალურად კომისიის მანდატს, მთავარ კითხვას, რაც ზაზა სარალიძეს, საზოგადოებას ჰქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ არ გაიზიარა კომისიაში წარმოდგენილი უმრავლესობის დეპუტატების არგუმენტები.

„სამწუხაროდ, მათ არ გაითვალისწინეს ჩვენი არგუმენტები, თუმცა საზოგადოებას ვაჩვენეთ, რატომ არ ვეთანხმებოდით ამ პოლიტიკურ მოთხოვნებს. რეალურად თუ მოხდება შეთანხმება ობიექტურ გარემოებებზე და ობიექტურ რეკომენდაციებზე, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ეს საბოლოო დადგენილებაში ავსახოთ. განსაკუთრებით იმ ნაწილს ვგულისხმობ, რომელიც არის ობიექტური რეალობა და რისთვისაც ეს კომისია შეიქმნა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობა დადგენილების პროექტზე მუშაობას მიმდინარე კვირაში დაასრულებს და პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ  ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული კომისიის საქმიანობა პოლიტიკური განწყობებისგან სრულად დაცლილი ვერ იქნება, თუმცა დასკვნა დასახულ მიზანს პასუხობს. ამასთან, განცხადება მთავრობისა და პარლამენტისადმი რამდენიმე მოწოდებას მოიცავს.

დატოვე კომენტარი