არასამთავრობოები პრეზიდენტსა და პარლამენტს მოუწოდებენ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელება და დანიშვნა დროულად უზრუნველყონ
არასამთავრობოები პრეზიდენტსა და პარლამენტს მოუწოდებენ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელება და დანიშვნა დროულად უზრუნველყონ

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვება კითხვებს აჩენს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემაში შექმნილი სავალალო მდგომარეობის ფონზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მოულოდნელად თანამდებობის დატოვება საზოგადოებაში არაერთ კითხვას აჩენს.

„მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე ყოფნის 3 წლიან პერიოდში ნინო გვენეტაძე არასაკმარისად რეაგირებდა სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მაინც ცხადი იყო მასსა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის არსებული დაპირისპირება“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე, რომელიც ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს, ხოლო მას თანამდებობაზე პარლამენტი ნიშნავს. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი, კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება.

არასამთავრობოების შეფასებით, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალთა კონცენტრაციისა და სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტილობის რისკებს.

„შექმნილ ვითარებაში, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს სწორად გაიაზრონ სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე დროულად უზრუნველყონ ისეთი კანდიდატის დასახელება და დანიშვნა, რომელიც ობიექტურად აფასებს სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას და გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს მათ მოსაგვარებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“,  „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)“ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC), „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED).

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა.