ანგელა მერკელი - საქართველოში სოციალური მდგომარეობა ჯერ კიდევ რთულია, დემოკრატია კი აღიარებადია მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ჭრილში
ანგელა მერკელი - საქართველოში სოციალური მდგომარეობა ჯერ კიდევ რთულია, დემოკრატია კი აღიარებადია მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ჭრილში

საქართველო არის ძალიან სწორ გზაზე, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა კითხვის პასუხად, რამდენად მზად არის, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას, რომ მომავალში მივიღოთ დემოკრატიული სამხრეთ კავკასიის რეგიონი.

„რა თქმა უნდა, მე მზად ვარ. ფაქტი, რომ აქ ვიმყოფები, არის ცალსახა ნიშანი, რომ მინდა მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული მდგომარეობა. საქართველო არის ძალიან სწორ გზაზე, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, მათ შორის ოპოზიციისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი რესურსები, კონკრეტულად მასმედია და მას შეეძლოს თავისუფლად განვითარება. რა არის დემოკრატია, ეს არის არჩევნებში უმრავლესობის გამარჯვება, მაგრამ დემოკრატია არის ასევე მმართველი პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

მისი შეფასებით, ეს არის დემოკრატიის ანა-ბანა და გერმანია დემოკრატიის განვითარების გზაზე საქართველოს კვლავ მხარს დაუჭერს.

„ჩვენ კვლავინდებურად მხარს დავუჭერთ საქართველოს და მის სამხრეთ კავკასიელ მეზობლებს ამ გზაზე. ძალიან საინტერესო პროცესები იყო სომხეთში რამდენიმე ხნის წინ, მაგრამ იქ არ არის ნედლეული და ჰყავს მეზობლები, თურქეთი და აზერბაიჯანი. ბუნებრივია, სომხეთში არის რთული ეკონომიკური მდგომარეობა, ძალიან დიდია რუსეთზე დამოკიდებულება. აზერბაიჯანი სრულიადაც არ არის შედარებადი საქართველოსთან დემოკრატიულობის, დემოკრატიზაციის მხრივ. განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისადმი სამართლიანი მიდგომა არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, თავისუფალი პოლიტიკური მართლწესრიგი და ეკონომიკა ადამიანების ცხოვრების დონის გაზრდის საფუძველია.

„ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რადგან თავისუფალი პოლიტიკური მართლწესრიგი კარგია, თავისუფალი ეკონომიკა ძალიან კარგია. ეს კი თავის მხრივ, არის საფუძველი უბრალო ადამიანების ცხოვრების დონის გაზრდისა“, – აღნიშნა კანცლერმა.

ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოში სოციალური მდგომარეობა რთული რჩება. დემოკრატია კი, აღიარებადია მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ჭრილში.

„ძალიან ბევრი რამ ხდება საქართველოში, თუმცა სოციალური მდგომარეობა ჯერ კიდევ რთული რჩება. დემოკრატია აღიარებადია მხოლოდ და მხოლოდ სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური წარმატების ჭრილში“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.