ამერიკელი კანონმდებლები რუსეთის წინააღმდეგ უფრო აგრესიულ ნაბიჯებს ითხოვენ და მზად არიან, დამატებითი ეკონომიკური სანქციები დააწესონ
ამერიკელი კანონმდებლები რუსეთის წინააღმდეგ უფრო აგრესიულ ნაბიჯებს ითხოვენ და მზად არიან, დამატებითი ეკონომიკური სანქციები დააწესონ

ამერიკელი კანონმდებლები რუსეთის წინააღმდეგ უფრო აგრესიული ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ და მზადყოფნას გამოთქვამენ, დამატებითი ეკონომიკური სანქციები დააწესონ, თუ მოსკოვი ქმედებებს არ შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კონგრესის წევრებმა, რომელშიც ორივე პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ, ხელისუფლებას უფრო აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდეს, მათ შორის, სანქციების შესახებ ახალი კანონმდებლობის შემუშავებისკენ, რათა მათი თქმით, რუსეთი ყირიმის ანექსიისთვის, სირიის სამოქალაქო ომში მონაწილეობისა და აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად განხორციელებული კიბერთავდასხმებისთვის დაისაჯოს.

21 აგვისტოს აშშ-ის კონგრესის სამ კომიტეტში რუსეთთან დაკავშირებით მოსმენები გაიმართა, რა დროსაც კანონმდებლებმა ტრამპის ადმინისტრაცია არასათანადო ძალისხმევისთვის გააკრიტიკეს.

„კონგრესი ასე ერთიანად არც თუ ისე ხშირად მოქმედებს… თუმცა როდესაც რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს ამდენ სხვადასხვა დონეზე, კონგრესი იძულებულია, ერთხმად იმოქმედოს“, – განაცხადა სენატორმა, მაიკ კრეპომ, რომელიც საბანკო კომიტეტს ხელმძღვანელობს.

საკითხზე სენატორმა, ბობ მენენდესმაც ისაუბრა.

„გვითხრეს, რომ ადმინისტრაცია შევაფასოთ მისი ქმედებებისა და არა პრეზიდენტის სიტყვების მიხედვით, თუმცა აღნიშნული ქმედებები, როგორც ჩანს, პრეზიდენტის საგანგაშო რიტორიკასთან უფრო შეთანხმებულია, ვიდრე კრემლისადმი მკაცრ მიდგომასთან“, – განაცხადა ბობ მენენდესმა.

როგორც სენატში უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა აღნიშნა, კონგრესმენებს რუსეთის დასჯის დიდი ინტერესი აქვთ, თუმცა მისი თქმით, ძალიან მცირეა ალბათობა იმისა, რომ მსგავსი კენჭისყრა 6 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებამდე მოხდეს.

21 აგვისტოს აშშ-მა კიბერსაქმიანობასთან დაკავშირებით რუსეთის ორ მოქალაქეს, ასევე ერთ რუსულ და ერთ სლოვაკურ კომპანიებს სანქციები დაუწესა.

დატოვე კომენტარი