აგვისტოში საქართველოში 15 მილიონი კუბური მეტრი გაზი სავარაუდოდ, რუსეთიდან შემოვიდა
აგვისტოში საქართველოში 15 მილიონი კუბური მეტრი გაზი სავარაუდოდ, რუსეთიდან შემოვიდა

საქართველოს ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარე წლის აგვისტოში 15 მილიონი კუბური მეტრი „სხვა წყაროდან“ შემოვიდა. ასეთია ეკონომიკის სამინისტროს მიერ 10 აგვისტოს დამტკიცებული დოკუმენტის მონაცემები.

ბალანსში არ არის მითითებული, თუ რომელი ქვეყნიდან განხორციელდა საქართველოში გაზის იმპორტი.  ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნულ საკითხს არ აკონკრეტებს. უწყების ცნობით, საქართველოს გაზის ბალანსში ჩანაწერი „სხვა წყარო“ წარმოადგენს კერძო სექტორის მიერ საკუთარი მოხმარებისთვის შემოტანილი ბუნებრივი აირის მოცულობას.

ამასთან, პირველი არხის ინფორმაციით, გაზი „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ კომპანია „გაზპრომისგან“ შეიძინა.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 2017 წლის შემდეგ გაზის იმპორტი მხოლოდ აზერბაიჯანიდან ხორციელდებოდა.

ბუნებრივი აირის იმპორტის მონაცემებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის თანახმად, იანვარ-ივლისის მდგომარეობით, ბუნებრივი აირის სასაქონლო კოდით (27112100000) საქართველოში იმპორტი როგორც აზერბაიჯანიდან, ისე რუსეთიდან ფიქსირდება. კერძოდ, რუსეთიდან გაზის იმპორტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 11 მილიონ დოლარს შეადგენს.