დავით ზალკალიანი - 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა არა მარტო ხალხის, არამედ ქვეყნის წინაშე
დავით ზალკალიანი - 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა არა მარტო ხალხის, არამედ ქვეყნის წინაშე

2007 წლის 7 ნოემბერს მაშინდელმა ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა არა მარტო საკუთარი ხალხის, არამედ ქვეყნის წინაშეც, – ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 7 ნოემბრის მოვლენების შეფასებისას გააკეთა,

მან 7 ნოემბერი დეტალურად გაიხსენა.

„ის დღე დეტალებში მახსოვს. წვიმდა, დილით, რომ გავიგეთ ასეთი ამბავი მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ მყისიერად ფეხით წამოვედი. რუსთაველზე საშინელება ხდებოდა. ახლაც მახსოვს და ვგრძნობ იმ მომწამვლელი გაზის სუნს, რომელიც გაუშვეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, იმავე დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლისას შეიტყო, რომ 7 ნოემბრის მოვლენების გამო, ლევან მიქელაძემ 11 წლიანი დიპლომატიური საქმიანობა შეწყვიტა და პროტესტის ნიშნად გადადგა.

მინისტრის შეფასებით, 11 წლის წინ მიქელაძისთვის სხვებსაც რომ მიებაძათ, საზიანო შედეგები, მათ შორის 2008 წლის მოვლენები, არ დადგებოდა.

„2007 წლის 7 ნოემბერს ლევან მიქელაძემ სამოქალაქო გმირობის ტოლფასი გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ ბევრ ადამიანს მსგავსი პროტესტი, რომ გამოეხატა და მსგავსი ნაბიჯი გადაედგა შესაძლოა, ის შედეგები არ გვქონოდა, რა შედეგებიც შემდგომ, 2008 წელს მივიღეთ.  ხელისუფლებამ დანაშაული არა მარტო საკუთარი ხალხის, არამედ ქვეყნის წინაშე ჩაიდინა. იმ პრინციპებს უღალატა, რა პრინციპების ერთგულიც ლევან მიქელაძე იყო. იმდროინდელი ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებდა. ეს, რომ გაეცნობიერებინა არ აღმოვჩნდებოდით ტრაგედიასა და უბედურებაში, რაც იმ სადამსჯელო ოპერაციას მოჰყვა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.