გენადი ონიშჩენკო აცხადებს, რომ ეუთო-ს ასამბლეის სხდომაზე, რუსეთის მიმართ ბრალდებები ეყრდნობა ემოციებს და არა ფაქტებს
გენადი ონიშჩენკო აცხადებს, რომ ეუთო-ს ასამბლეის სხდომაზე, რუსეთის მიმართ ბრალდებები ეყრდნობა ემოციებს და არა ფაქტებს

რუსეთის დელეგაციის წევრმა, გენადი ონიშჩენკომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ასამბლეის ხელმძღვანელი მანიპულირებს ხმების დათვლისას და გამომსვლელთა თანმიმდევრობის გადანაწილებისას.

„ასამბლეის ხელმძღვანელი იმისთვის არ აგვირჩევია, რომ ჩვენით მანიპულირებდეს ან გვხელმძღვანელობდეს. ის უნდა იყოს გარანტი პროტოკოლური პროცედურების შესრულებისა, ეს პროტოკოლი კი დისკუსიებში ყოველი სახელმწიფოს თანაბარ ჩართულობას უზრუნველყოფს. ის მანიპულირებს ხმების დათვლისას და გამომსვლელთა თანმიმდევრობის გადანაწილებისას. რუსეთი დიდი სახელმწიფოა და არ შეეგუება იმას, რომ ასე მოექცნენ. მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, თუმცა ფაქტებზე დაყრდნობით“,- ამის შესახებ ონიშჩენკომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისას განაცხადა.

გიგი წერეთელი რეგლამენტის დარღვევაში რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებმაც დაადანაშაულეს.

დუმის დეპუტატი გენადი ონიშჩენკო აქამდე რუსეთის მთავარი სანიტრის პოსტს იკავებდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება 2006 წელს რუსული ბაზრიდან ქართული და მოლდოვური ღვინის ამოღება. მაშინ ონიშჩენკო ამტკიცებდა, რომ ორი ქვეყნის მიერ წარმოებულ ღვინოში მძიმე მეტალისა და პესტიციდების კვალი აღმოაჩინეს, რასაც მოგვიანებით დიპლომატიური სკანდალიც მოჰყვა.

„ეუთო-ს საპარლამენტო სესიაზე რუსეთის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ეყრდნობა ემოციებს და არა ფაქტებს, ამიტომ მხოლოდ ლიტერატურულ ან სამედიცინო შეფასებას თუ იმსახურებს. მინდა გითხრათ,რომ დღეს ჩემს ქვეყანაში 3 მილიონ 200 ათასი უკრაინელი, ანუ ჩემი ეთნიკური ნათესავი ცხოვრობს, მუშაობს და აჭმევს თავის ოჯახს. 2 მილიონი რუსეთში მომუშავეები არიან, მილიონ ორასი ათასი კი დონბასელი ლტოლვილია. დიახ, დონბასში ადამიანები იღუპებიან იმ ადამიანის დამსახურებით, რომელიც სახელმწიფოს ხელმძღვანელს უწოდებს თავს და ესვრის ბავშვთა ბაღებსა თუ სკოლებს თავისი არტილერიიდან“,- აცხადებს ონიშჩენკო, რომელსაც სიტყვა რეგლამენტის გადაცილებისთვის გააწყვეტინეს, რასაც მისი პროტესტი მოჰყვა.

რუსმა პოლიტიკოსმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ბერლინს ასამბლეის მასპინძლობისთვის, „არა იმიტომ, რომ იგი კარგად იყო ორგანიზებული, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციას რაიხსტაგის შენობაში ყოფნის საშუალება მიეცა“. ონიშჩენკომ მასპინძლებს შეახსენა, რომ 1945 წელს სწორედ ამ შენობაზე რუსული დროშა ფრიალებდა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის წევრი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ბერლინში, საპარლამენტო ასამბლეის 27-ე სესიაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს.