ლიზა იასკო - დღეს გავრცელებულ ვიდეოში ჩვენ ვხედავთ წამებას
ლიზა იასკო - დღეს გავრცელებულ ვიდეოში ჩვენ ვხედავთ წამებას

კონსულტაცია გავიარე ბევრ მხარესთან და შემიძლია, დარწმუნებით დავადასტურო, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის პოზიტიური, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ განუცხადა.

მისი თქმით, მესამე დღეა, არ ეძლევა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა.

„უპირველეს ყოვლისა, მე ძალიან შეშფოთებული ვარ. აქ უკვე მესამე დღეა, ვიმყოფები, რათა მივიღო შესვლის ნებართვა. ყოველგვარი განმარტების გარეშე ნებართვას არ მაძლევენ. ერთადერთი განმარტება, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო საქართველოსგან, არის დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებული პროცესი, ის, რომ იუსტიციის სამინისტრომ ჯერ არ გამოაგზავნინა დოკუმენტები ციხეში. ასე რომ, მე ციხესთან უკვე მესამე დღეა, ვიმყოფები და ველოდები რამე ინფორმაციას. ვცდილობ, შევინარჩუნო სიმშვიდე და დაველოდო ნებართვას, თუმცა რამდენი ხანი დასჭირდება ამას. ასევე ვიცი, რომ ნებართვას ელოდებიან სხვა ადამიანებიც, რომლებიც სხვადახხვა პარლამენტს წარმოადგენენ. თუმცა მე, როგორც დეპუტატსა და ოჯახის წევრს, არ მესმის, რატომ არ შემიძლია მისი ნახვა. ვიცი, რომ შეხვედრას ისიც ითხოვდა. ეს არის მისი და ასევე, ჩემი უფლებების დარღვევა. არ მინდა, ვიფიქრო, რომ ეს მიზანმიმართულად კეთდება, თუმცა სამწუხაროდ მე ველოდები და ვნახოთ, რა მოხდება“, – აღნიშნა ლიზა იასკომ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ანალიზები აჩვენებს, რომ მას სისხლში კალიუმისა და კალციუმის ნაკლებობა აქვს.

„ახლახანს უკრაინის კონსული გამოვიდა ციხიდან. მან მიიღო ინფორმაცია მის სისხლში კალციუმისა და კალიუმის რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც 2,6-ია. ეს არ არის ნორმა. ნორმა 3,5-დან იწყება. როდესაც ეს დონე დაბალია, არსებობს გულის შეტევისა და სხვა პრობლემების რისკი. ჩვენ გვაქვს ეჭვები აქ ხელმისაწვდომ სამედიცინო აღჭურვილობასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა კერძო კლინიკაში მისი გადაყვანის აუცილებლობაზე, სადაც იქნება ნორმალური აღჭურვილობა. თუმცა ეს არ ხდება. რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ვიდეოს, ჩვენ ვხედავთ წამებას, ცემას. გუშინ კი სასამართლო გაიმართა და ის პროცესზე არ გადაიყვანეს, ეს უპრეცედენტოა. მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს ამას. ციხეში თუ მის გარეთ მყოფი ყველა პირი იმსახურებს, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. ახლა მისი ყველა უფლება დარღვეულია“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა გუშინ მიიღეს პასუხი სტრასბურგის სასამართლოსგან.

„ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი. მინდა, დავაზუსტო, რომ გავრცელდა განსხვავებული ინფორმაცია, იყო ეს კარგი დასკვნა თუ არა. მე კონსულტაცია გავიარე ბევრ მხარესთან და მე შემიძლია, დარწმუნებით დავადასტურო, რომ ეს არის პოზიტიური გადაწყვეტილება, რადგან მათ ამ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭეს, განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია, მთავრობამ უზრუნველყოს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებენ მისი სიცოცხლის დასაცავად. ჩვენ ველოდებით, რათა ვნახოთ, რისი უზრუნველყოფა შეუძლიათ და როდის იქნება ის გადაყვანილი კერძო კლინიკაში. რაც შეეხება შიმშილობას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავკარგოთ ის. შიმშილობის 42 დღე ხუმრობა არ არის. ექიმები იყვნენ გაკვირვებულები, რომ ის ასეთი ძლიერია შინაგანად, სულიერად, თუმცა ანალიზები, როგორც აღვნიშნე, აჩვენებს, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია მისი კოლაფსი“, – აღნიშნა ლიზა იასკომ.