ლიზ ტრასი - რუსეთთან ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება არ უნდა დასრულდეს უკრაინის გაყიდვით
ლიზ ტრასი - რუსეთთან ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება არ უნდა დასრულდეს უკრაინის გაყიდვით

რუსეთთან ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთმა არ უნდა დაუშვას, რომ პუტინი ამ აგრესიის შედეგად გამარჯვებული დარჩეს. როგორც ლიზ ტრასმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიციაა, რომ პუტინის რეჟიმმა თავისი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.

„ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევაჩეროთ პუტინი უკრაინაში, ასევე უნდა ვიყუროთ გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება არ დასრულდეს უკრაინის გაყიდვით ან წარსულის შეცდომების გამეორებით. ჩვენ გვახსოვს 2014 წლის რთული დარეგულირება, რომელმაც ვერ მისცა უკრაინას ხანგრძლივი უსაფრთხოება. პუტინი დაბრუნდა მეტისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მან მოიგოს ამ საშინელი აგრესიის შედეგად და სწორედ ამიტომ, ეს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს იმას, რომ პუტინის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ამასთან, როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დიპლომატმა განაცხადა, დიდი შვიდეულის მიერ დაწესებული სანქციები არ უნდა გაუქმდეს, ვიდრე პუტინი განაგრძობს ომს და უკრაინაში ძალების ჰყავს განთავსებული.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ პუტინმა ვეღარასდროს იმოქმედოს ასე აგრესიულად. ნებისმიერი გრძელვადიანი დარეგულირება უნდა მოიცავდეს სანქციების მკაფიო დაბრუნებას, რომელიც ავტომატურად ამოქმედდება ნებისმიერი რუსული აგრესიის შემთხვევაში“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.