„ლივერპულმა" „მანჩესტერ სიტის" მეორედაც მოუგო
„ლივერპულმა" „მანჩესტერ სიტის" მეორედაც მოუგო

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იურგენ კლოპის “ლივერპულმა” ორი მატჩის ჯამში 5:1 გაანადგურა პრემიერლიგის ლიდერი “მანჩესტერ სიტი” და 2008 წლის შემდეგ, პირველად გავიდა ნახევარფინალში.

მერსისაიდელებს პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 3:0 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ განმეორებითი შეხვედრა მათთვის ცუდად დაიწყო – მეორე წუთზე გაბრიელ ჟესუსმა წინ გაიყვანა “სიტი”. სწრაფ გოლს ფსიქოლოგიურად არ გაუტეხავს “ლივერპული”. სტუმრებმა შეძლეს კარგი დაცვის ორგანიზება, თუმცა პეპ გვარდიოლას გუნდი უშანსოდ არ ყოფილა – ერთხელ ბერნარდო სილვამ ძელს გაარტყა ბურთი, ლეროი სანეს კი წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს.

ორრაუნდიან დაპირისპირებაში პრაქტიკულად ყველაფერი 56-ე წუთზე გადაწყდა, როცა “ლივერპულის” ხანგრძლივი შეტევა მოჰამედ სალაჰის გოლით დასრულდა.

ანგარიში გათანაბრდა და “სიტის” ოთხი გოლი უნდა გაეტანა იმისთვის, რომ ნახევარფინალის საგზური მოეპოვებინა. თუმცა დარჩენილ დროში მხოლოდ რობერტო ფირმინომ გაიტანა და “ლივერპულმა” 2:1 მოიგო.