ლიტვის პრემიერი - საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად მიიჩნევენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერად
ლიტვის პრემიერი - საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად მიიჩნევენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერად

საქართველო არის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიტვისთვის, ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სითბო და მოწონება გვქონდა საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ ლიტვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს ​სკვერნელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლიტვის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოში მოწვევისთვის.

“საქართველო არის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიტვისთვის, ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სითბო და მოწონება გვქონდა საქართველოს მიმართ. ჩვენი საერთო მიდგომა უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საკითხების მიმართ, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, გახლავთ ფუნდამენტალური პრინციპები, რომელიც ჩვენ მყარად გვაკავშირებს. ბოლო პერიოდში საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად ეძახიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერს. ჩვენ საქართველოს ვულოცავთ აღნიშნულ მიდგომებს, ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ ასევე მოხარულები ვართ, რომ საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ჩვენს ამ მხარდაჭერას. დარწმუნებულები ვართ, საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს, მივესალმებით საქართველოს აქტიურ ჩართულობას ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში. მივესალმებით უვიზო რეჟიმის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით შესრულებას. ეს გახლავთ მდგრადი ძალისხმევის შედეგი საქართველოს მთავრობის მხრიდან”, – განაცხადა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ლიტვა ყოველთვის დაუჭერს  მხარს საქართველს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

საულიუს ​სკვერნელის განცხადებით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული რეალიზაცია კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისადმი.

“ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. მე საქართველოს განვიხილავ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და სანდო პარტნიორად. ჩვენ განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოსადმი ნატო-ს ოპერაციებში პრაქტიკული ჩართულობისათვის მისიებში მონაწილეობისთვის, თქვენი სამხედროების აქტიური მონაწილეობისათვის, თქვენ შემართებას დაიცვათ საერთაშორისო მშვიდობა. რაც ძალზე მნიშვნელოვანი არგუმენტი უნდა გახდეს ნატო-ს წევრობის პერსპექტივის თვალსაზრისით. ურყევად მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად ვგმობთ რუსეთის მცოცავ ანექსიას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისადმი. საერთაშორისო ფორუმებზე ყოველთვის ვაყენებთ ამ საკითხს და ვითხოვთ, რუსეთმა მთლიანად შეასრულოს ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება”, – განაცხადა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა.