ლიტვა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის ევროკავშირში განხილვას მოითხოვს
ლიტვა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის ევროკავშირში განხილვას მოითხოვს. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„რეპრესიული რეჟიმის მახინჯი სახე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. ვგმობ საქართველოს მოქალაქეთა დევნას, ვითხოვ ადგილზე შეიქმნას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების მექანიზმი. ამ საკითხს ხვალ, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო სხდომაზე დავაყენებ”, – აცხადებს ლინკევიჩუსი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.
The ugly face of oppressive regime in Russia’s occupied South Ossetia. Condemn persecutions against Georgian citizens and echo the call to establish international human rights and security mechanisms on the ground. I will raise this issue during tomorrow’s meetings in #FAC. https://t.co/wofmsplTIa
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) February 25, 2018