ლიტვა ქართველ აბიტურიენტებს უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს
ლიტვა ქართველ აბიტურიენტებს უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს

„ექსპო ჯორჯიაში“ განათლების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. ორდღიან ფესტივალზე 18-დან 30-წლამდე ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, 12 ქვეყნის უმაღლესი განათლების დაწესებულებების მიერ შეთავაზებულ წინადადებებს გაეცნონ.

მათ შორის არის ლიტვა, რომელიც ქართველ აბიტურიენტებს უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. კონკრეტულად, ლიტვა მათ 10 წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამას სთავაზობს. გამოფენის სტუმრებს ლიტვის სტენდთან ქვეყნის უნივერსიტეტებში ვირტუალური მოგზაურობის საშუალება აქვთ.

ღონისძიებას ესწრება ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოშიგიეფრიუს პიოჯუნასი. მისი განცხადებით, ლიტვა ქართველ სტუდენტებს ევროპულ, მაღალი დონის განათლებას სთავაზობს.

ღონისძიებას ესწრება განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი. მისი თქმით, მსგავსი გამოფენები იძლევა შესაძლებლობას, აბიტურიენტებმა, მათთვის საინტერესო სფეროს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ სერვისებთან დაკავშირებით, იმ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არსებობს და მე-8 საერთაშორისო გამოფენა სწორედ ამ ინფორმაციის გაზიარებას უწყობს ხელს.

აქ წარმოდგენილია ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნები, როგორიც არის ამერიკა, ბრიტანეთი, თურქეთი, ევროპული ქვეყნები“, – განაცხადა ქეთევან ნატრიაშვილმა.