ლისის ტბის მიმდებარედ დაჭრილი მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა
ლისის ტბის მიმდებარედ დაჭრილი მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა

ლისის ტბის მიმდებარედ დაჭრილი მამაკაცის ოპერაცია დასრულდა. რეგიონული ჰოსპიტლის ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

„ავადმყოფი მოყვანილი იქნა უმძიმეს მდგომარეობაში, პრაქტიკულად გულის გაჩერებით. დასჭირდა გულისა და ფილტვის რეანიმაცია შემოყვანისთანავე. გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში. დადგინდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, ბარძაყის არტერიის დაზიანებით. დაკარგული იყო დიდი რაოდენობის სისხლი. გარდა ამისა, როგორც ჩვენ მიგვაჩნია, ცივი იარაღით იყო მიყენებული ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, იყო შემავალი ჭრილობა, მაგრამ არ დასჭირდა დიდი ოპერაცია. რაც შეეხება ანგიოქირურგიულ ოპერაციას, ჩატარდა სწრაფად და მაღალ დონეზე, მაგრამ დაკარგული სისხლის რაოდენობიდან გამომდინარე, ავადმყოფობის მდგომარეობა არის და რჩება კრიტიკულად მძიმე. სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მკურნალობა ტარდება. იმყოფება რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რჩება“, – განაცხადა რეგიონული ჰოსპიტლის ზოგადმა ქირურგმა, მალხაზ ბურკაძემ.

მამაკაცი რამდენიმე საათის წინ დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ლისის ტბის მიმდებარედ დაჭრეს, შემდეგ კი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით მიიყვანეს.