ლისის ტბაზე ხვალ სპორტული ფესტივალი „თბი ლისი“ გაიხსნება
ლისის ტბაზე ხვალ სპორტული ფესტივალი „თბი ლისი“ გაიხსნება

ლისის ტბაზე ხვალ სპორტული ფესტივალი „თბი ლისი“ გაიხსნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი სხვადასხვა აქტივობას მოიცავს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას და მოქალაქეების დასვენების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის საჭირო გარემოს შექმნას. ამასთან, სპორტული ნაწილის გარდა, ფესტივალი სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებსაც მოიცავს.

მერიის ცნობით, ფესტივალის პირველ დღესვე გაიმართება ტურნირები სპორტის 13 სახეობაში. მათ შორისაა კალათბურთი, მინი გოლფი, მაგიდის ჩოგბურთი, მეკლდეურობა, ამერიკული ფეხბურთი, კარატე, ბოჩა, ფრისბი, მკლავჭიდი, გარბენი, ჭადრაკი, ჩერლიდინგი და მჯდომარე ფრენბურთი.

საფესტივალო ღონისძიებების ფარგლებში ასევე გაიმართება მეგობრული მატჩი ფეხბურთში, რომელზეც ერთმანეთს საკრებულოსა და მერიის გუნდი და საფეხბურთო კლუბი „დიდუბე 2014“ შეხვდება, ასევე, გაიმართება გარბენი, რომელშიც მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ღონისძიება პოპულარული ქართული ჯგუფის „რეზო და ბავშვები“ კონცერტით დაიხურება.

სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც პროფესიონალ სპორტსმენებს და პარასპორტსმენებს, ასევე, მოყვარულებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი ყოველი თვის ბოლო შაბათს გაიმართება და ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.