ლიონის მერი ძალადობასა და პოლიტიკურ პოლარიზაციას გმობს – „სახელმწიფოს უმაღლეს დონეზე კონკრეტული გადაწყვეტილებებია საჭირო“
ლიონის მერი გრეგორი დუსე საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობასა და მაღაზიების ძარცვას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო ღრმავდება, რაც ვითარების განმუხტვას ართულებს.
„ვერ ვხედავ, რომ ვანდალებისა და მძარცველების ქმედებებს პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდეს. ყველაფერს შეიძლება, პოლიტიკური ელფერი მისცე, მაგრამ ეს რეალობისთვის თვალის არიდებასა და საზოგადოებაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას ნიშნავს. ჩვენი საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებულია. პოლიტიკური პოზიციის ყოველი გამოხატვა ამ პოლარიზაციას კიდევ უფრო აძლიერებს, რაც ვითარების განმუხტვასა და მშვიდობის დამყარებას ართულებს. რთულია, ასეთ ნგრევას რაიმე აზრი მოუძებნო. ვერ ვხვდები, რა მოთხოვნას შეიძლება, უკავშირდებოდეს ეს. თითქოს მთელ საფრანგეთში ერთგვარი სიგიჟე გავრცელდა“, – აღნიშნა მერმა.
მისივე თქმით, ლიონის ცენტრში მომხდარმა მასშტაბურმა ძარცვამ და ნგრევამ მოსახლეობაში შიში და უკმაყოფილება გამოიწვია. დუსეს განცხადებით, მაღაზიის მფლობელები თავს მიტოვებულად გრძნობდნენ, საზოგადოებაში არსებული ბრაზი კი სულ უფრო მეტად გადადის პოლიტიკურ დაპირისპირებაში.
„როგორც ყველა, მეც გაოგნებული და შოკირებული ვარ იმ ძალადობით, რომელიც გუშინ ჩვენი ქალაქის საჯარო და კერძო საკუთრების წინააღმდეგ განხორციელდა”,-განაცხადა დუსემ.
ლიონის მერის თქმით, აუცილებელია, ხელისუფლებამ ერთობლივად გააანალიზოს, რამ გამოიწვია შექმნილი ვითარება. მერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ძარცვაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა უპრეცედენტო იყო, მათი მოქმედების მეთოდები ახალი არ ყოფილა. დუსეს თქმით, მხოლოდ უსაფრთხოების ზომების გამკაცრება საკმარისი არ იქნება და საჭიროა კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაც.
„ამ მოვლენებზე კონკრეტული და პოლიტიკური პასუხებია საჭირო. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური სოციალური პროტესტი ხელისუფლების მხრიდან უმაღლეს დონეზე რეაგირებას მოითხოვს“, – განაცხადა ლიონის მერმა.