ლიონელ მესიმ საფეხბურთო კლუბ „ელდენსეს“ შეძენის თაობაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT

19:45, 09.09.2026

ლიონელ მესი ესპანური ლა ლიგა 2-ის კლუბის, „ელდენსეს“ მფლობელი ხდება, – ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. არგენტინელმა ვარსკვლავმა კლუბის საკონტროლო პაკეტის შეძენაზე წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია. ამჟამად კლუბი კოლუმბიურ საინვესტიციო ჯგუფს, Grupo TH-ს ეკუთვნის. გარიგების ბოლომდე მისაყვანად აუდიტის დასკვნა და ესპანეთის ეროვნული სპორტული საბჭოს ოფიციალური ნებართვაა საჭირო.

„ელდენსე“ მესის საფეხბურთო ქსელის მორიგი დამატება და მეორე ესპანური კლუბი იქნება. მიმდინარე წლის დასაწყისში მან მეხუთე დივიზიონის ბინადარი „კორნელიაც“ შეიძინა. გარდა ამისა, არგენტინელი ლუის სუარესთან ერთად ურუგვაული „დეპორტივო ლესემას“ თანამფლობელია.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წესებით, ერთი პირის მფლობელობაში არსებულ გუნდებს ერთ ლიგაში თამაში ეკრძალებათ. ვინაიდან „ელდენსე“ და „კორნელია“ ამჟამად ერთმანეთს სამი დივიზიონით არიან დაშორებულნი, კანონი არ ირღვევა.

1921 წელს დაარსებული „ელდენსე“ ქალაქ ელდას წარმოადგენს და საშინაო მატჩებს 5 776-ადგილიან „ნუევო პეპიკო ამატზე“ ატარებს. კლუბმა ისტორიის დიდი ნაწილი დაბალ დივიზიონებში გაატარა.

მსგავსი