ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი ფეხბურთის დიდი ქომაგია. ის „ბარსელონასა“ და ლიონელ მესის გულშემატკივრობს.
მსოფლიოს ჭადრაკის ლეგენდას 3 მაისს 80 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს მაისური გამოუგზავნა საკუთარი ხელმოწერით.
ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ლეო მესის მსოფლიოს თანავარსკვლავედში პელესა და მარადონას გვერდით აყენებს. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტში ილაპარაკა:
„არ მომწონს, როცა მთელი გუნდი დაცვაში დგება. თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი დანარჩენი პლუსია. ადარებენ ხოლმე, ვინ უფრო ძლიერია, პელე, მარადონა, მესი, რონალდო. თაობებს შორის დიდი სხვაობაა, ყველას თავისი დრო აქვს და ძალიან რთულია, შეადარო. მესი და რონალდო რომ შეადარო, სხვა ამბავია, ერთი თაობაა. როცა მოჭადრაკეებზე მეკითხებიან, ვის რომელ ნომრად დავაყენებ, ვპასუხობ – როგორ განვასხვავო? ყველას თავისი ისტორია აქვს და თავისი წვლილი შეტანილი.
დღევანდელი ფეხბურთი კი სულ სხვა დონეზეა, ბევრად საინტერესო თამაშებია და სულ სხვა მიდგომა. მთავარია, ორივე გუნდმა სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშოს, ეს ყველას მოსწონს.“