ლიონელ მესიმ ჩემპიონთა თასზე გაიტანა და 1/4-ფინალში გავიდა #1TVSPORT
ლიონელ მესიმ ჩრდილოეთ ამერიკის ახალ სეზონში ყველა ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა.
„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა კონკაკაფ-ის ჩემპიონთა თასის განმეორებით მერვედფინალში იამაიკის „კავალიერის“ წინააღმდეგ 92-ე წუთზე გამოიჩინა თავი. არგენტინელი 53-ე წუთზე შევიდა მოედანზე ლუის სუარესის ნაცვლად.
შეხვედრა 2:0 დასრულდა „ინტერ მაიამის“ სასარგებლოდ. მანამდე მესიმ ზედიზედ სამი მატჩი გამოტოვა კუნთების პრობლემის გამო. სულ 37 წლის არგენტინელს ამ სეზონში ოთხ მატჩში სამი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.
„ინტერ მაიამიმ“ ორი მატჩის ჯამში „კავალიერი“ 4:0 დამაარცხა და კონკაკაფ-ის ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში გავიდა, სადაც „ლოს ანჯელესს“ შეხვდება. მატჩები 1 და 8 აპრილს გაიმართება.