ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ ვარჯიშებს ბოიკოტი გამოუცხადა - არგენტინელი ყოველდღე 110 ათას ევროს დაკარგავს
ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ ვარჯიშებს ბოიკოტი გამოუცხადა - არგენტინელი ყოველდღე 110 ათას ევროს დაკარგავს

კვირას „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს – მოთამაშეებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და კორონავირუსზე ტესტი ჩააბარეს, ორშაბათიდან კი სავარჯიშო პროცესი იწყება. ვარაუდობდნენ, რომ მესი არ გამოუცხადებდა ბოიკოტს სამედიცინო შემოწმებას და ვარჯიშებს და დაიცავდა ყველა საკონტრაქტო ვალდებულებას, რადგან ღია კონფლიქტზე წასვლა არ სურს. მაგრამ ბოლო მომენტში გაირკვა, რომ მესი არ გამოცხადდა სამედიცინო შემოწმებაზე. რადიოსადგური RAC1-ის მონაცემებით, ლეო არ აპირებს კლუბის ვარჯიშებზე დასწრებას. მას მიაჩნია, რომ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ავტომატურად გაუქმდა, როცა კლუბმა მისი ფაქსი მიიღო.

მიიღებს თუ არა მესი სასჯელს, ამას მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი და სპორტული დირექტორი რამონ პლანესი გადაწყვეტენ. იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმიერიმ თავის „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება – ყოველ გაცდენილ დღეზე ხელფასი ჩამოაჭრას არგენტინელს. წყაროს ცნობით, მესი „ბარსელონაში“ დღეში 110 ათას ევროს გამოიმუშავებს. სწორედ ამ თანხას დაკარგავს 33 წლის ფეხბურთელი ყოველდღე.