„ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლიონელ მესი MLS-ში აპრილის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
წინა თვეში არგენტინელმა რეგულარული ჩემპიონატის ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ექვსი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
გარდა ამისა, მესიმ MLS-ის ახალი სეზონის სასტარტო შვიდ მატჩში შედეგიანი მოქმედებების რაოდენობით ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. არგენტინელის ანგარიშზე უკვე ცხრა გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემაა, რაც 16 შედეგიან მოქმედებას უდრის. ამით მესიმ დაამხო ტიერი ანრისა (2012) და კარლოს ველას (2019) რეკორდები. ამ ფეხბურთელებს სასტარტო შვიდ მატჩში „გოლი+პასის“ სისტემით 13 შედეგიანი მოქმედება ჰქონდათ.
ლიონელ მესი MLS-ის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია ცხრა გოლით. ასევე, პირველ ადგილს იყოფს შედეგიანი გადაცემების რაოდენობით „რეალ სოლტ ლეიკის“ ფორვარდთან, კრისტიან არანგოსთან.
სულ 36 წლის მესის „ინტერ მაიამიში“ ყველა ტურნირზე 24 მატჩი დაუგროვდა, რომლებშიც 22 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.