ლინკოლნ მიტჩელი - სააკაშვილის ქმედება, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს, უკრაინისთვის საზიანოა
ლინკოლნ მიტჩელი - სააკაშვილის ქმედება, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს, უკრაინისთვის საზიანოა

ამერიკელი მწერალი და ანალიტიკოსი ევრაზიის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების საკითხებში, ლინკოლნ მიტჩელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ქმედებები უკრაინისთვის საზიანოა, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს იგი.

ამავდროულად, ამერიკელი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოს ახალი ამბების ობიექტივში მოექცეს.

„სააკაშვილის მთავარი მიზანია, საკუთარი თავი შეინარჩუნოს ახალ ამბებში და მუდმივად ყურადღების ცენტრში იყოს მოქცეული. სწორედ ამას ემსახურება მისი ნაბიჯები უკრაინაში“, – აღნიშნა მიტჩელმა პირველ არხთან ინტერვიუში.

უკრაინის მთავრობის რამდენიმე წევრის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მისამართით წაყენებულმა ბრალდება რუსეთის მთავრობასთან კავშირის შესახებ, ლინკოლნ მიტჩელმა სერიოზულ ბრალდებად შეაფასა, რისთვისაც მტკიცებულებებია საჭირო.

„მტკიცება იმისა, რომ სააკაშვილი კრემლიდან იმართება, ძალიან სერიოზული და ამავდროულად ექსტრაორდინალური ბრალდებაა. როდესაც ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და შემდეგ უკვე თანამდებობის პირი უკრაინაში, ყველას, ვინც მას არ ეთანხმებოდა, კრემლის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდა. მე არ ვიცი, რა მტკიცებულება აქვს უკრაინის სპეცსამსახურებს, თუმცა არასწორი მგონია, ნებისმიერი ადამიანი მტკიცებულებების გარეშე რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულო“, – განაცხადა მიტჩელმა.

ამერიკელმა მწერალმა და ანალიტიკოსმა საკუთარი წარსულიდან ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრებმა იგი კრემლთან კავშირში დაადანაშაულეს.

„როდესაც ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ვმუშაობდი, იმ უნივერსიტეტში, სადაც თავის დროზე თავად სააკაშვილი სწავლობდა, მისი მთავრობის წევრებმა ჩემს ხელმძღვანელს უთხრეს, სამსახურიდან დავეთხოვე, რადგან თურმე კრემლის აგენტი ვყოფილვარ, თურმე ჩემი ხელფასი, რომელსაც სინამდვილეში კოლუმბიის უნივერსიტეტი მიხდიდა, „გაზპრომის“ ფული იყო“, – თქვა ლინკოლნ მიტჩელმა.

მისი თქმით, ყველაზე მეტად შემაშფოთებელი ის არის, რომ სააკაშვილი კრემლთან რომც არ თანამშრომლობდეს,  თავისი საქციელით კრემლისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს.