ლინდსი გრემი – უკრაინას, ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ომის დასრულების წინადადების შემუშავების კუთხით დიდ პროგრესს მივაღწიეთ

11:31, 22.12.2025

ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ უკრაინას, ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ომის დასრულების წინადადების შემუშავების კუთხით, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმაენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სენატორის განცხადებით, მას სურს შეთანხმება, რომელიც უკრაინაში რუსეთის მესამე ფართომასშტაბიან შეჭრას შეუძლებელს გახდის. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დონბასის ძალით აღებას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მასზე ზეწოლა არ გაიზრდება.

„ჩვენ არ ვაპირებთ ყველა რუსის უკრაინიდან გამოძევებას, ეს გასაგებია, მაგრამ მინდა შეთანხმება, რომელიც მესამე შეჭრას თავიდან აიცილებს. მსურს, რომ ევროპული ჯარები ადგილზე იყვნენ, რათა დარწმუნდნენ, რომ მესამე შეჭრა არ მოხდება. მსურს, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მივცეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ მესამე შეჭრა არ მოხდება. ვფიქრობ, პუტინი დონბასის ძალით აღებას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე ჩვენი ზეწოლა არ გაიზრდება“,- აცხადებს ამერიკელი სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან.

ლინდსი გრემი მიიჩნევს, რომ თუ პუტინი სამშვიდობო შეთანხმებას ამჯერადაც უარყოფს, აშშ-მა უკრაინას „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები უნდა გადასცეს.

„მან ჩვენი ყველა ძალისხმევა უარყო. თუ ის ამჯერადაც არას იტყვის, ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ტრამპი ასე მოიქცევა: ხელს მოაწერს ჩემს კანონპროექტს, რომელსაც 85 თანასპონსორი ჰყავს და დაუწესებს ტარიფებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც ჩინეთია – რომელიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობს; 20 000 უკრაინელი ბავშვის გატაცების გამო, რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადებს და რაც ყველაზე მთავარია, დააკავებს გემებს, რომლებსაც სანქცირებული რუსული ნავთობი გადააქვთ, როგორც ამას ვენესუელაში აკეთებს. თუ პუტინი იტყვის არას, ჩვენ თამაშის წესების რადიკალურად შეცვლა დაგვჭირდება, მათ შორის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება, რათა მათ რუსეთში არსებულ დრონებისა და რაკეტების მწარმოებელ ქარხნებზე დარტყმა შეძლონ,“ – აღნიშნავს ამერიკელი სენატორი.

მსგავსი