ლინდსი გრემი – პუტინზე ზეწოლა არ მუშაობს, მოვუწოდებ ტრამპს, უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდება დაიწყოს, რაც სამხედრო თვალსაზრისით თამაშის წესებს შეცვლის

20:54, 03.02.2026

ცხადია, ვლადიმერ პუტინზე ჩვენ მიერ განხორციელებული ზეწოლა, რათა ის მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და უკრაინაზე მასიბრებული თავდასხმები შეაჩეროს, არ მუშაობს, – ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, გრემი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს, დაიწყოს უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდება, რაც სამხედრო თვალსაზრისით თამაშის წესებს შეცვლის.

„პრეზიდენტ ტრამპის იდეა პუტინის ნავთობის მყიდველებზე ზეწოლის გაძლიერების შესახებ, რომლებიც მის საომარ მანქანას ამაგრებენ, უნდა განხორციელდეს მტკიცედ და ენერგიულად, როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროპის მიერ. პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინის ეკონომიკა დააზიანა ნავთობკომპანიებისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დასჯით. ინდოეთის მიმართ ტარიფები კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, შეიცვალოს ყველაფერი. ინდოეთი ამჟამად მკვეთრად ნაკლებ რუსულ ნავთობს ყიდულობს და სხვა მსხვილი მყიდველებიც თუ მიბაძავენ მათ, ეს ხელს შეუწყობს ამ სისხლისღვრის დასრულებას.

დაბოლოს, გუშინდელი მასშტაბური თავდასხმის შემდეგ მე მოვუწოდებ პრეზიდენტ ტრამპს, დაიწყოს უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდების პროცესი, რაც სამხედრო თვალსაზრისით თამაშის წესებს შეცვლის. მომდევნო დღეებსა და კვირებში ჩვენ პუტინზე მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ. ნებისმიერი მოლაპარაკება, რომელიც აგრესიის ზედმეტად დაჯილდოებად აღიქმება, მთელ მსოფლიოში კატასტროფებს გამოიწვევს. მოლაპარაკებები თუ შექმნის თავისუფალ, ძლიერ და დამოუკიდებელ უკრაინას, რომელსაც დათმობებზე წასვლა მოუწევს, მაშინ მსოფლიო გაცილებით სტაბილური იქნება. დრო უმნიშვნელოვანესია“, – წერს ლინდსი გრემი.

მსგავსი