ლინდსი გრემი – მშვიდობა არ იქნება, ვიდრე პუტინს სჯერა, რომ ლიდერის პოზიციაშია, ამერიკას და დანარჩენ მსოფლიოს ბევრი კოზირი აქვთ, რომლებიც ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ პუტინის რუსეთის წინააღმდეგ

10:20, 25.11.2025

ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის განცხადებით, მშვიდობა იქამდე არ იქნება, ვიდრე ვლადიმერ პუტინს სჯერა, რომ ლიდერის პოზიციაშია.

როგორც გრემი სოციალურ ქსელში წერს, „ამერიკას და დანარჩენ მსოფლიოს ბევრი კოზირი აქვთ, რომლებიც ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ“.

„იმედი მაქვს, ჟენევაში გამართული შეხვედრები ნაყოფიერი იქნება, უკრაინა და აშშ შეძლებენ შეთანხმებას ამ საშინელი ომის დასრულების გზაზე. ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის მშვიდობისკენ სწრაფვას, თუმცა ჩემთვის ნათელია, რომ მშვიდობა იქამდე არ იქნება, ვიდრე პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ ლიდერის პოზიციაშია. ის დაჟინებით მოითხოვს კაპიტულაციას და არა – მშვიდობას. ამის დაშვება მთელ მსოფლიოში მეტ აგრესიას წაახალისებს და ყველას დაგვატყდება თავს. ამ მხრივ ამერიკას და დანარჩენ მსოფლიოს ბევრი კოზირი აქვთ, რომლებიც ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, მალე ვიპოვით სამართლიან და საპატიო მშვიდობას, მაგრამ პუტინი თუ გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის უარყოფას, სამშვიდობო წინადადებებთან დაკავშირებით კომპრომისს და კაპიტულაციის დაჟინებით მოთხოვნას, მაშინ დროა, შეერთებულმა შტატებმა და დანარჩენმა მსოფლიომ სხვაგვარად დაიწყონ თავიანთი კარტებით თამაში“, – წერს გრემი.

მსგავსი