ლინდა ტომას-გრინფილდი - გაერო-ს ვთავაზობთ რეზოლუციის პროექტს, რომელიც პასუხს აგებინებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო
გაერო-ს ვთავაზობთ რეზოლუციის პროექტს, რომელიც პასუხს აგებინებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო, – აღნიშნა გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა. მან ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ლინდა ტომას-გრინფილდის თქმით, რუსეთის მიმართ ზომები მოიცავს ფართო ფინანსურ სანქციებს.
„კოლეგებო, დღეს ჩვენ აქ ვართ უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი, შეუკავებელი ომის გამო. არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ომის არჩევანი, რუსეთის არჩევანი. რუსეთმა მეზობელზე შეჭრა არჩია. რუსეთმა არჩია უთქმელი ტანჯვის მიყენება უკრაინელ ხალხზე და საკუთარ მოქალაქეებზე. რუსეთმა არჩია უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა, საერთაშორისო სამართლის დარღვევა, გაერო-ს წესდების დარღვევა. ახლა მთელ უკრაინაში ხალხი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. კიევისა და ხარკოვის მკვიდრებმა დატოვეს სახლები მხოლოდ იმ ნივთებით, რომლებიც ზურგჩანთებში ჩაეტია და ჩავიდნენ მეტროსადგურებში, რომლებიც ახლა ბომბებისგან თავშესაფრად იქცა. უკრაინის მოსახლეობას მალე დასჭირდება საკვები, წყალი, თავშესაფარი და სამედიცინო დახმარება. ისინი წააწყდებიან იძულებით გადაადგილებას და დაკარგავენ ყველაფერს, რის ასაშენებლადაც მუშაობდნენ.
ამ მიზეზების გამო, ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციებით, შემოგთავაზეთ რეზოლუციის პროექტი, რომელიც პასუხს აგებინებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო. ეს რეზოლუცია გმობს რუსეთის აგრესიას. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობა, მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, რომ მან დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ძალები. ის აგრეთვე მოუწოდებს ფასილიტაციისკენ, ასევე სწრაფი, უსაფრთხო ჰუმანიტარული დახმარებისკენ. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, ჩვენ ვაკისრებთ მძიმე და მყისიერ ეკონომიკურ ხარჯებს რუსეთს. ეს ზომები მოიცავს ფართო ფინანსურ სანქციებს, რომლებიც უშუალო გავლენას მოახდენს მის ეკონომიკაზე და ექსპორტის კონტროლზე, რაც შეწყვეტს რუსეთის წვდომას სასიცოცხლო ტექნოლოგიურ საშუალებებზე. იწვევს მისი ინდუსტრიული ბაზის შემცირებას და ძირს უთხრის რუსეთის სტრატეგიულ ამბიციებს მსოფლიო ასპარეზზე გავლენის მოპოვებისკენ“, – განაცხადა ლინდა ტომას-გრინფილდმა.