ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საშინაო სტაბილურობა, დემოკრატიული სისტემის ბალანსი, ურთიერთობები ოპოზიციასთან
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საშინაო სტაბილურობა, დემოკრატიული სისტემის ბალანსი, ურთიერთობები ოპოზიციასთან

საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია საშინაო სტაბილურობა, დემოკრატიული სისტემის ბალანსი, ურთიერთობები ოპოზიციასთან,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ევროკავშირის მინისტერიალი იმართება.

„ჩვენ გამოვყოფთ მათ, ვინც მზად არის, გააკეთოს მეტი. როგორც შევთანხმდით, მოხდება პარტნიორების დიფერენცირება. არის პროექტები, სადაც ჩვენ ყველასთან ვსაუბრობთ, თუმცა არის სპეციფიკური პროექტებიც. საქართველო მოწინავე ქვეყანაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ადვილია, იყო მოწინავე, როდესაც არც თუ ისე ბევრი მორბენალია. ასე რომ, უნდა იყოთ ფრთხილად და გააგრძელოთ რეფორმები, ასევე მნიშვნელოვანია საშინაო სტაბილურობა, დემოკრატიული სისტემის ბალანსი, ურთიერთობები ოპოზიციასთან. ყველა ეს საკითხი ანგარიშგასაწევია. მჯერა, რომ ჩვენმა მეგობრებმა საქართველოში იციან ეს“,- აღნიშნა ლინკევიჩუსმა.

რაც შეეხება პუტინ-ტრამპის შეხვედრას, როგორც ლიეტუვას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, შეხვედრაზე ყველა საკითხის განხილვა შესაძლებელია.

„დაველოდოთ შეხვედრის დასასრულს. თუმცა, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპს აქვს კარგი შანსი, ფოკუსირება მოახდინოს რამდენიმე დღის წინ ნატო-ს ლიდერების მიერ შეთანხმებულ პრინციპებზე“ ,- განაცხადა ლინკევიჩუსმა.