ლინას ლინკევიჩუსი - საქართველო სწორ გზაზეა
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველო სწორ გზაზეა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში საქართველოსადმი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა აისახოს, – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ლინკევიჩუსმა აღნიშნა, ევროკავშირმა უნდა მისცეს უფრო მეტი მათ, ვინც მეტის მისაღებად მზადაა.

“უნდა გავაგრძელოთ შეთანხმებული ლოგიკით მოქმედება. აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა უნდა გაგრძელდეს და მოწინავე ქვეყნების ხელშეწყობაც უნდა გაძლიერდეს. საქართველოს კარგი შედეგი აქვს. ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რას ნიშნავს ეს. ამის მიუხედავად, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები და ევროკავშირიც საქართველოს უნდა დაეხმაროს. საქართველო სწორ გზაზეა. მსურს, რომ სამიტის დეკლარაციაში ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა და ევროპული მისწრაფებაც აისახოს. გულწრფელად უნდა ითქვას, რომ ხანდახან გვაქვს სირთულეები, როდესაც კონსენსუსის მიღწევა გვჭირდება. გავაგრძელოთ რეფორმები და დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც ორგანიზაციის წევრები კონსენსუსისთვის მზად იქნებიან”, – განაცხადა ლინას ლიკევიჩუსმა.

დატოვე კომენტარი