ლინას ლინკევიჩუსი - ლიეტუვა არ ეთანხმება, რომ ევროსაბჭომ რუსეთთან მიმართებით სტანდარტები შეასუსტოს
ლინას ლინკევიჩუსი - ლიეტუვა არ ეთანხმება, რომ ევროსაბჭომ რუსეთთან მიმართებით სტანდარტები შეასუსტოს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ლიეტუვა არ ეთანხმება, რომ ევროსაბჭომ რუსეთთან მიმართებით საკუთარი სტანდარტები შეასუსტოს. როგორც ლინკევიჩუსმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, თუ სიტუაცია კრიზისულია, ამის მიზეზი ისევ რუსეთის ქმედებებია.

„პოზიცია ძალიან მკაფიოა. თუ ვინმე კრიზისზე საუბრობს, ეს კრიზისი სწორედ რუსულმა აგრესიამ შექმნა. მიზეზი ყირიმის ანექსიაა და ის, რაც მანამდე საქართველოში მოხდა. საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია. ეს ქმედებები, ბუნებრივია, დაგმობილი უნდა იყოს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები ირღვევა. სწორედ ამან გამოიწვია კრიზისი. ამიტომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ სტანდარტების შესუსტება იმ ქვეყნის მოთხოვნების თუ სურვილების შესაბამისად, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ასეთია ჩვენი პოზიცია. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით“, – განაცხადა ლინკევიჩუსმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ჰელსინკიში, სადაც ევროსაბჭოს მინისტერიალი იმართება.

მინისტერიალზე რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში რუსეთის დაბრუნების თემაზეც იმსჯელებენ. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საბჭოში საჭიროდ მიიჩნევენ ევროსაბჭოს რეფორმირებას ისე, რომ თითოეული დელეგაციის ხმის უფლება გარანტირებული იყოს.

რუსეთს ევროსაბჭოს წინაშე 60 მილიონი ევროს ოდენობის დავალიანება დაუგროვდა.

2015 წელს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება ჩამოერთვა, რის გამოც მოსკოვმა სხდომებში მონაწილეობა, მოგვიანებით კი საწევროს გადახდა შეწყვიტა. აპრილის სესიაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთს დელეგაციის ფორმირებისა და ევროსაბჭოს ბიუჯეტში შენატანის გაკეთებისკენ მოუწოდა.