ლინას ლინკევიჩუსი - ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებმა პერსპექტივა უნდა დაინახონ
ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების ჩართულობა და წინსვლა, ასევე მოტივაციის შენარჩუნება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყების წინ განაცხადა.
„მჯერა, რომ 2009 წლის სამიტი იყო საკმაოდ ამბიციური. ჩვენ ახლა საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ეს არის ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ, რათა პარტნიორების მოტივაცია შევინარჩუნოთ და ისინი ჩართულები იყვნენ პროცესში, რაც უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების ჩართულობა და წინსვლა, ასევე მოტივაციის შენარჩუნება, რეფორმების გაგრძელება“, – აღნიშნა ლინას ლინკევიჩუსმა.
მისივე თქმით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახალხო დიპლომატიასაც.
„პარტნიორ ქვეყნებში მოქალაქეებიც უნდა იყვნენ ჩართულნი, მათ უნდა დაინახონ და შეაფასონ, რაც ხდება. ასე რომ, ეს ყველაფერი ეხება ჩვენი პროგრამის მომავალს, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და ახლა კარგი დროა მის შესაჯამებლად“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორების მოტივაციის შესანარჩუნებლად, საჭიროა მათ პერსპექტივა დაინახონ.
„ჩვენ უნდა დავინახოთ გზა წინ. ჩვენი პოზიციაა, რომ უნდა მივცეთ მათ ეს პერსპექტივა. შევინარჩუნოთ მათი მოტივაცია და არ გავფლანგოთ დრო“, – აღნიშნა ლინკევიჩუსმა.
ლიეტუველი დიპლომატის განცხადებით, რაც უნდა ითქვას, აშკარაა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უახლოვდებიან ევროკავშირს.