ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა გამოიყენებოდეს ოპოზიციის დევნისთვის

16:25, 11.02.2020

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გიგი უგულავას სასამართლო განაჩენს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც ლიეტუველი დიპლომატი წერს, სასამართლო სისტემა არ უნდა გამოიყენებოდეს ოპოზიციის დევნისთვის. მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიისთვის „ლაკმუსის ტესტი“ უწოდა.

„შეშფოთებული ვარ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლოს განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა არ უნდა გამოიყენებოდეს ოპოზიციის დევნისთვის. ოპოზიცია არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიისთვის ლაკმუსის ტესტი იქნება“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი