ლინას ლინკევიჩიუსი - სოლიდარობა საჭიროა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას შევახსენოთ, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას
ლინას ლინკევიჩიუსი - სოლიდარობა საჭიროა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას შევახსენოთ, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას

ვხედავთ, რომ სიტუაცია არ არის გაუმჯობესებული, რადგან ე.წ ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები ირღვევა. ამასთან, როგორც ლინკევიჩიუსმა აღნიშნა, ფიქსირდება ადამიანების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები, რისი მაგალითიც არის ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას შემთხვევები.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს და ამაყები ვართ, რომ შეგვიძლია, შემოგიერთდეთ თქვენს ძალისხმევაში. საქართველო კარგ გზას ადგას, ვგულისხმობ ევროკავშირსა და ნატო-ში გაერთიანების პერსპექტივას. ჩვენი ბალტიისპირეთის გამოცდილებიდან შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთი პერსპექტივა არც არსებობდა თითქოს, ამიტომ როცა ჩვენ ორიათასიანების დასაწყისში ვსაუბრობდით ამ თემაზე პარტნიორებთან, გვეუბნებოდნენ, რომ არ გავხდებოდით მაგალითად, ნატო-ს წევრები. რა თქმა უნდა, ასეთი მოტივაცია არ გვშველოდა და ძალიან დიდი სირთულეები იყო ჩვენ მიერ შერჩეულ გზაზე, მაგრამ მთელი ამ სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ვამბობდით, რომ მოდი, არ დავნებდეთ, დრო მოვა“, – განაცხადა ლინკევიჩიუსმა.

მისი თქმით, საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ნატო-ს უსაფრთხოების ოპერაციებში. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა არამხოლოდ ზეპირ განცხადებებს აკეთებს, არამედ რეალურად შეაქვს წვლილი.

„თქვენ გაქვთ დანაპირები, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი. პირველად ეს 10 წლის წინ ბუქარესტში იყო განცხადებული, ახლა ბოლო სამიტზე ეს განმეორებულ იქნა. ძალიან მნიშვნელოვანია წინსვლა, იგივე ევროკავშირთან. თქვენ ხართ მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ტემპი უნდა შევინარჩუნოთ, არ უნდა დავაგდოთ და როცა დრო მოვა და ეს დრო აუცილებლად მოვა, თქვენ მზად უნდა იყოთ.

აგრეთვე, ჩვენი ვიზიტი ეს არის გზავნილი რუსეთისადმი, აგრესორის მიმართ, მათ მიმართ, ვინც არ შეისმინა ჩვენი სიტყვები 10 წლის წინ, როდესაც ვამბობდით, რომ ეს განმეორდება, ამაზე არ შეჩერდება, ეს კვლავ მოხდება სადღაც სხვაგან. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვაქვს ყირიმი, ასევე აგრესია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. გაყინული კონფლიქტები სხვაგანაც გვაქვს, ასე რომ ეს არის ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქმედება. ის დაძაბულობას ქმნის მთელს რეგიონში და ხანდახან რაღაც შემოთავაზებებსაც აკეთებს სიტუაციის მოგვარების და ეს შთაბეჭდილებას ქმნის, ვითომ ის გადაწყვეტილებებს გვთავაზობს. ეს არ უნდა იყოს ნორმალური და მისაღები.

სიტუაცია მართლაც განსხვავდება, ვიდრე ეს იყო 10 წლის წინ, მე არ ვლაპარაკობ აგრესიულობასა და ასეთ ქმედებებზე, მაგრამ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვხედავთ შემთხვევებს სოლსბერიში, მონტენეგროში, სირიაში, ვხედავთ, რომ ამ ქვეყნებმა თვითონ იწვნიეს აგრესორის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევა, საერთაშორისო სამართლის ნორმებიც დარღვევა. არ შეიძლება, ეს იყოს 21-ე საუკუნეში მისაღები. ამიტომაც ჩვენ ვართ აქ და არა მხოლოდ საქართველოს მიმართ ვაჩვენებთ სოლიდარობას, არამედ ვაჩვენებთ, რომ ეს ქმედებები არის მიუღებელი 21-ე საუკუნეში. თქვენ უნდა იყოთ თანმიმდევრულები და ჩვენ ყოველთვის მხარს დაგიჭერთ“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.

გარდა ამისა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლიდარობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„სოლიდარობა საჭირო იყო 10 წლის წინ, რათა დაგვეცვა მშვიდობა, საქართველო და დაგვეცვა თბილისი. ახლაც არის სოლიდარობა საჭირო, რათა შევახსენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა იყოს მოხსნილი, რადგან ბევრი გამოწვევაა დღეს: ტერორიზმი, მიგრაცია და ცხელი წერტილები“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.