ლინას ლინკევიჩიუსი - ლიეტუვა საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება
ლინას ლინკევიჩიუსი - ლიეტუვა საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება

აუცილებელია საქართველოს მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე და ლიეტუვა ამ მხარდაჭერას გპირდებათ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისინი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკის განხორციელებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში“ – განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რაც ასევე იქნა განხილული ლიეტუვა-საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კომისიის ფარგლებში.

„საქართველოს აქვს საკუთარი გეგმა და ხედვა, ერთგვარი გზამკვლევი, როგორ მოახდინოს ევროკავშირში ინტეგრირება. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ, როგორ უნდა წარედგინოს თქვენი ხედვა ევროკავშირის ინსტიტუტებს. ვისაუბრეთ, რაში შეგვიძლია გაგიწიოთ დახმარება და რომელი სფეროები შეიძლება იყოს პრიორიტეტული” – აღნიშნა ლინას ლინკევიჩიუსმა.

მან ასევე დადებითად შეაფასა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ძალისხმევა, მათ შორის საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატო-ს ოპერაციებში, რომელშიც მონაწილეობს 900-მდე სამხედრო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც იზიარებს ამ ღირებულებებს და ასე გამოხატავს ქვეყნის სწრაფვას გაწევრიანდეს ალიანსში“ – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და დამატებით იმპულსს მისცემს ტურიზმის განვითარებასა და ორ ქვეყანას შორის ახალი ბიზნესკავშირების დამყარებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ლიეტუვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ლიეტუვა-საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მეხუთე შეხვედრა. კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ლიეტუვის მხრიდან კი ლინას ლინკევიჩუსი ხელმძღვანელობდნენ.

კომისიის დასრულების შემდგომ მინისტრებმა ხელი მოაწერეს ლიეტუვა-საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის სხდომის ოქმს.