ლინას ლინკევიჩიუსი - ჩვენ არ ვიყავით საკმარისად მყარი და თანმიმდევრული, ამიტომ ეს ოკუპაცია განმეორდა ყირიმში
ლინას ლინკევიჩიუსი - ჩვენ არ ვიყავით საკმარისად მყარი და თანმიმდევრული, ამიტომ ეს ოკუპაცია განმეორდა ყირიმში

ჩვენ არ ვიყავით საკმარისად მყარი და თანმიმდევრული, ამიტომ ეს ოკუპაცია განმეორდა ყირიმში, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენონ ყველას, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგშია და საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს სოლიდარობას უცხადებს.

„ჩვენი ვიზიტი არის სოლიდარობა და მხარდაჭერა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური და ევროპული მისწრაფებებისა. ამას სჭირდება დრო და მოტივაცია. ეს დრო აუცილებლად დადგება. მოხარული ვართ, რომ გვაქვს საშუალება, მხარი დაგიჭიროთ. ჩვენ არ ვიყავით საკმარისად თანმიმდევრული და მყარი და ამიტომაც ეს ოკუპაცია განმეორდა ყირიმში.

აქ ვართ, რომ შეგახსენოთ, საქართველოს საკითხი არის ჩვენს ყოველდღიურ თემებში, საერთაშორისო დღის წესრიგში, გიცხადებთ სოლიდარობას“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერი, პავლო როზენკო საქართველოს გუშინ ესტუმრა. ამასთან, თბილისში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ჩამოვიდნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.