ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

ბაზრობის მიმართულებით გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო რამდენიმე მაღაზიაზე. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ბაზრობის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა, პარალელურად დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, დამწვარია სამი მაღაზია. მისივე ცნობით, მაღაზიები დაზღვეული იყო.

„სამწუხაროდ, ჩვენი საზეიმო გახსნა მცირე ინციდენტით დაიყო. სამი მაღაზიაა დამწვარი. ჯამში 60 კვ.მ. მაღაზიები დაზღვეული იყო და მეპატრონეებს პრობლემები არ შეექმნებათ. გუშინ, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები. ყველანი აქ ვიყავით და რა მოხდა, როგორ, ჯერ არ ვიცით. ინციდენტი უკვე ამოიწურა და ეს ბაზრობის მუშაობას ხელს ვერ შეუშლის”, – განაცხადა კვარაცხელიამ.

დატოვე კომენტარი