ლილოს ბაზრობაზე კორონავირუსზე გამოკვლევის მიზნით მოვაჭრეთა ტესტირება მიმდინარეობს
ლილოს ბაზრობაზე კორონავირუსზე გამოკვლევის მიზნით მოვაჭრეთა ტესტირება მიმდინარეობს

ლილოს ბაზრობაზე ახალ კორონავირუსზე გამოკვლევის მიზნით, მოვაჭრეთა ტესტირება მიმდინარეობს. ნიმუშებს „პისიარ“ კვლევისთვის დღეს 400-500 პირს აუღებენ, პირველ რიგში, მათ, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ მოვაჭრეებთან.

ბაზრობას ამოწმებენ შრომითი ინსპექციის წარმომადგენლებიც.

ამასთან, ბაზრობაზე შემსვლელ ყველა პირს უტარდება თერმოსკრინინგი, ხელის დეზინფეცია და სავალდებულოა პირბადის გამოყენება. ადმინისტრაცია ბაზრობაზე მომუშავე თუ შემსვლელ მოქალაქეებს დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების აუცილებლობის შესახებ სპეციალური ხმოვანი შეტყობინებითაც აფრთხილებს.

ჩვენ ფაქტობრივად მესამე დღეა ვმუშაობთ ბაზრობების ტერიტორიაზე მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე. შრომის ინსპექციასთან ერთად პროცესში ჩართული არიან სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური და ქალაქ თბილისის მერია.

„მესამე დღეა, ვაძლევთ რეკომენდაციებს მოვაჭრეებს, ადმინისტრაციას, ვცდილობთ, რეკომენდაციები, რომელიც გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მაქსიმალურად იყოს დაცული. მიუხედავად ამისა, დღეს კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შეუსაბამობა, ამიტომ რამდენიმე ათეული სანქცია გამოყენებული იქნა ჩვენ მიერ. მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და კიდევ მოვუწოდო თითოეულ მოვაჭრეს, თითოეულ მომხმარებელს, დაიცვან არსებული წესები. თითოეული მოვაჭრისა და სუბიექტის დარღვევებმა შესაძლოა, გამოიწვიოს ის, რომ მთელი ბაზრობის ტერიტორიას შეექმნას საფრთხე“, – განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან რვა ლილოს ბაზრობაზე დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი