ლილოს ბაზრობაზე ხვალიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება
ლილოს ბაზრობაზე ხვალიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება

ხვალიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება. „ლილო მოლის“ დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას ინფორმაციით, „ლილოს“ დახურვა არ იგეგმება და ბაზრობა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

ბაზრობის დირექტორის ინფორმაციით, ზომები გამკაცრდება და ყველა დასაქმებული მკაცრად გაკონტროლდება.

„ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ახლოს არის იმ რაიონთან, სადაც იმატა შემთხვევების რაოდენობამ. ბატონი ამირანი ბრძანდებოდა და ვიწყებთ ფართომასშტაბიან სკრინინგს იმ გეოგრაფიულ შესაძლო კონტაქტებთან, ვისთანაც შეიძლება, ვირუსის არსებობა იყოს დადასტურებული. მივყვებით ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაციებს და ერთობლივი ძალებით, ვფიქრობთ, კარგ შედეგს მივიღებთ. ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, უბრალოდ გამკაცრდება ზომები. იქნება თერმოსკრინინგი, ასევე პირბადეების მკაცრი კონტროლი, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება“, – განაცხადა „ლილო მოლის“ დირექტორმა.

მისი თქმით, ტესტირების მიზანია, მოხდეს იმ კონტაქტების დადგენა, რომლებიც დაინფიცირებულებთან იყვნენ კავშირში და მოხდეს მათი შემოწმება. „ლილო მოლის“ დირექტორის თქმით, ყველა შესაძლო კონტაქტი იქნება გამოკვლეული.

„ლილოს ბაზრობის დახურვა არ იგეგმება. არ მგონია, ამ ზომამდე მივიდეთ“, – დასძინა გიორგი კვარაცხელიამ.