ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება
ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება

ლილოს ბაზრობაზე დღეიდან ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ხვალიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორი ჯგუფი იმუშავებს და ინფიცირებულთა კონტაქტებს გამოიკვლევს.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, დღეს 30-მდე ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან რამდენიმეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

„ამის აუცილებლობა გახდა მას შემდეგ, რაც ინფიცირებულების ერთ-ერთი კლასტერიდან გამოიკვეთა ლილოს ბაზრობაზე მომუშავე პიროვნებებთან. იქ დღესაც გამოვიკვლიეთ 30-მდე პიროვნება და რამდენიმე აღმოჩნდა დადებითი. ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, ლილოს ბაზრობაზე ჩატარდეს ფართომასშტაბიანი პისიარსკრინინგი. პირველ რიგში ინფიცირებულების კონტაქტებთან, მათ გვერდზე მომუშავე ადამიანები და შემდეგ გვაქვს გეგმა, როგორ გავაფართოოთ კიდევ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იქნას გამოკვლეული და მოხდეს მათი იზოლირება. ლილოს ხელმძღვანელობასთან საქმიანი შეხვედრა გაიმართა. გამოგვიყვეს ფართი, სადაც ორი ბრიგადა იმუშავებს და აიღებს ბიოლოგიურ ნიმუშებს. ასევე, შეგვპირდნენ, რომ მაქსიმალურად ორგანიზებას გააკეთებენ ადამიანების მოყვანის, რომლებიც უშუალოდ კონტაქტში იყვნენ. საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი კვლევები მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე იგეგმება.

„ლილო მოლის“ დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას ინფორმაციით, „ლილოს“ დახურვა არ იგეგმება და ბაზრობა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

ბაზრობის დირექტორის ინფორმაციით, ზომები გამკაცრდება და ყველა დასაქმებული მკაცრად გაკონტროლდება.

„ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ახლოს არის იმ რაიონთან, სადაც იმატა შემთხვევების რაოდენობამ. ბატონი ამირანი ბრძანდებოდა და ვიწყებთ ფართომასშტაბიან სკრინინგს იმ გეოგრაფიულ შესაძლო კონტაქტებთან, ვისთანაც შეიძლება, ვირუსის არსებობა იყოს დადასტურებული. მივყვებით ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაციებს და ერთობლივი ძალებით, ვფიქრობთ, კარგ შედეგს მივიღებთ. ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, უბრალოდ გამკაცრდება ზომები. იქნება თერმოსკრინინგი, ასევე პირბადეების მკაცრი კონტროლი, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება“, – განაცხადა „ლილო მოლის“ დირექტორმა.

მისი თქმით, ტესტირების მიზანია, მოხდეს იმ კონტაქტების დადგენა, რომლებიც დაინფიცირებულებთან იყვნენ კავშირში და მოხდეს მათი შემოწმება. „ლილო მოლის“ დირექტორის თქმით, ყველა შესაძლო კონტაქტი იქნება გამოკვლეული.

„ლილოს ბაზრობის დახურვა არ იგეგმება. არ მგონია, ამ ზომამდე მივიდეთ“, – დასძინა გიორგი კვარაცხელიამ.

დატოვე კომენტარი