„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი - 15 თებერვალს ვიხსნებით და ამისთვის უნდა მოვემზადოთ, დაკეტვები დამანგრეველია, მაგრამ პროტესტი გამოსავალი არ არის
„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი - 15 თებერვალს ვიხსნებით და ამისთვის უნდა მოვემზადოთ, დაკეტვები დამანგრეველია, მაგრამ პროტესტი გამოსავალი არ არის

დღევანდელი შეხვედრა იყო იმ ფორმატის, რომ ორივე მხარე ერთმანეთს ვუსმენდით, შედეგებს სამომავლოდ დავინახავთ. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც  დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი არის, რომ 15 თებერვლის თარიღი არ გადაიწევს. პირიქით, იმედია, რომ გახსნის თარიღის დაახლოება მოხდეს თებერვლის დასაწყისთან, – ამის შესახებ „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ განაცხადა.

ამასთან, თანამშრომლების ტესტირების საკითხზე საუბრისას კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ამ რეგულაციის დაწესების შემდეგ ფინანსებს ბიზნესი გადაიხდის.

ასევე ვისაუბრეთ კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებზე, რაც არის დაკავშირებული დამატებით რეგულაციებთან, ძირითადად ტესტებთან. ჯერჯერობით, შაბათ-კვირას არ გვხსიან, თუმცა ყველაფერი მაინც დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. რაც შეეხება თანამშრომლების ტესტირების საკითხს, მის ფინანსებს ჩვენ გადავიხდით. ეს იქნება მეწარის თუ თანამშრომლის. მთავარია ფასი იყოს დაბალი, პირობა იყოს იმის, რომ სწრაფად გაიაროს ტესტირება სადაც აწყობს, ტერიტორიული პრინციპით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

გიორგი კვარაცხელიას თქმით, ზოგადად, დაკეტვა რთულია, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არა პროტესტი, არამედ ერთად შრომა და შეთანხმებულად გადაწყვეტილების მიღებაა.

თვითნებურ გახსნებზე არაა საუბარი, ჩვენ ბიზნესი ვართ, თავჩახრილები ვმუშაობთ, საქმეს ვაკეთებთ, ეკონომიკას ვქმნით. აქ არის საუბარი, რომ გაჩნდა განცდა, რატომღაც კიდევ შეიძლებოდა გადაწეულიყო გახსნის თარიღი. ახლა თუ კიდევ დაგვაახლოებენ პირველ თებერვალს, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება, თუ არადა ზუსტად ვიცით, რომ 15-ში ვიხსნებით და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს დაკეტვები არის დამანგრეველი და რთული, მაგრამ ცხვირს ვერ ჩამოვუშვებთ. რაღაცნაირად უნდა ვაკეთოთ საკეთებელი ერთად და შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენთან მეწარმეები 30 წელია, მუშაობენ და ზუსტად იციან, როდის უნდა გაბრაზდნენ. აქ უბრალოდ იყო გაუგებრობები. პროტესტი არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის ერთად შრომა, ერთად კეთება და შეთანხმებულად გადაწყვეტილების მიღება, რისი იმედიც დღეს ჩაისახა“,  – განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

ასევე, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ელიავას“ ბაზრობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, თეა ანდრიაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მოკლეხნიანი გახსნა დიდი კმაყოფილების საფუძველს არ იძლევა.

„ამ შეხვედრაზე ფაქტობრივად, იყო დადასტურებული, რომ 15 თებერვლიდან გაიხსნება ბაზრობები, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდება, შესაძლოა, ადრეც კი მოხდეს გახსნა. მაგრამ მე ერთი რამ მინდა, ვთქვა. აი, ამ მოკლეხნიანი გახსნებით არავინ არ უნდა იყოს ზედმეტად ბედნიერი და კმაყოფილი. რასც ვუყურებ, რამდენიმე თვით გვხსნიან და გვხურავენ. ეს დაახლოებით ჰგავს იმას, როდესაც გახრჩობენ და ერთი ჩასუნთქვის საშუალებას მოგცემენ, შემდეგ კი კვლავ ჩაგაყოფინებენ თავს და ისევ იხრჩობი. ამ შეხვედრაზე ჩვენი ძირითადი პრეტენზია იყო, თუ რატომ არის დახურული სივრცე პრივილეგირებული ღია სივრცესთან შედარებით. თუ ასეთი ორგანიზებული არის დახურული სივრცე, მაშინ დახურული სივრცეა უნივერსიტეტიც, სკოლაც, მეტროც და ავტობუსიც. ამაზე პასუხი ის მივიღეთ, რომ მოლები და გადახურული სივრცეები უფრო კარგად ორგანიზებულები ყოფილან“, – განაცხადა თეა ანდრიაძემ.