ლილიან მორი პასკიე - საქართველო ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენი თანამშრომლობა შესანიშნავია
ლილიან მორი პასკიე - საქართველო ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენი თანამშრომლობა შესანიშნავია

საქართველო ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენი თანამშრომლობა შესანიშნავია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკიემ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მომავალშიც გაითვალისწინებს ევროსაბჭოს რეკომენდაციებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გამოიყენებს ევროსაბჭოს ექსპერტების რჩევებს და მომავალშიც გაითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ევროსაბჭოც მიიღებს სარგებელს საქართველოს მიღწევებისა და მიღებული გამოცდილებიდან. ეს არის უფრო სტაბილური საქართველო, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომელიც ემზადება, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელობისთვის, რომელსაც ის 2020 წლის მაისამდე ჩაუდგება სათავეში. დღევანდელ იუბილეზე მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას და ყველა პოლიტიკოსს ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

ეს არის პროგრესი, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს და დიდი სიამოვნებით მიესალმება. საქართველოს გასული 20 წლის განმავლობაში საკმარისზე მეტი გამოწვევის გადალახვა მოუწია. მაგრამ თქვენ უნდა იამაყოთ იმით, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველო ამ გამოწვევებს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროსაბჭოს დახმარებით საქართველო წარმატებით გაუმკლავდება დარჩენილ გამოწვევებს და გააგრძელებს პროგრესს. ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველოს დახმარებით ჩვენი ორგანიზაციაც განვითარდება და პროგრესს განაგრძობს“, – განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.

მან საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება.

„20 წლის წინ არჩეულ გზას თუ გადავხედავთ, დავინახავთ იმ ხელშესახებ შედეგს. მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმას. ჩვენ ვხედავთ სტრასბურგის სასამართლოში მიმართვების შემცირებას და ეს დიდი პროგრესია. მნიშვნელოვანი წინსვლაა მიღწეული კორუფციასთან ბრძოლაში და ამას მოწმობს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის ინდექსი. 1999 წელს საქართველო 84-ე იყო. 2018 წელს კი 41-ეა.

რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, მინდა აღვნიშნო საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც დასრულდა სრულად საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესი. ასევე აღსანიშნავია პარლამენტის პროცედურებისა და წესების ცვლილება. საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ეს დემოკრატიული მონაპოვარი. ამისთვის კი აუცილებელია პლურალისტული პოლიტიკური დიალოგი პარლამენტში. ასევე, კონსტრუქციული დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და საზოგადოების კონსოლიდაცია, რათა რეფორმებს ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა. ამ კონტექსტში პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ ძალას ეკისრება. უმრავლესობა ქვეყნის მართვაზეა პასუხისმგებელი და მათ უნდა მოუსმინონ და პატივი სცენ ოპოზიციას. ოპოზიცია კი პასუხისმგებელია, რომ კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს პოლიტიკურ დებატებში, მაშინაც კი თუ უმრავლესობის ხედვა არ არის მათ მიერ გაზიარებული.

საქართველო არის ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენი თანამშრომლობა შესანიშნავია, რაც დადასტურდა თქვენი პრემიერ-მინისტრის ვიზიტით აპრილში. დიდი პატივი იყო მისი მასპინძლობა ასამბლეაზე და პატივია. რომ დღეს საქართველოს პარლამენტში გამოსვლის შესაძლებლობა მომეცა. ველოდები ნაყოფიერ თანამშრომლობის გაგრძელებას, როდესაც წლის ბოლოს საქართველო მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდება“, – განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.