ირაკლი კობახიძე - დღეს საქართველო არის შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფო საპარლამენტო რესპუბლიკის ყველა ატრიბუტით
ირაკლი კობახიძე - დღეს საქართველო არის შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფო საპარლამენტო რესპუბლიკის ყველა ატრიბუტით

მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებების მიუხედავად, სწორედ პარლამენტში გადაიდგა ისტორიული ნაბიჯები, რომლებმაც მიგვიყვანა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სამართლის უზენაესობის აღიარებამდე, ძალაუფლების დაბალანსების პრინციპის დამკვიდრებამდე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ორი ათეული წელიწადი წარმოადგენს დროის მონაკვეთს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, თვალი გადავავლოთ საქართველოს მიერ განვლილ გზას და შევაფასოთ ის დიდი პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია სახელმწიფოს მშენებლობისა და დემოკრატიის განვითარების გზაზე.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპელობა ნიშნავს დასავლეთთან სრულფასოვან ინტეგრაციას, დემოკრატიის განვითარებასა და თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას.

„სიმბოლურია, რომ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების მეოცე წლისთავს საქართველოს პარლამენტში აღვნიშნავთ. პარლამენტი იყო, არის და იქნება თანამედროვე ქართული დემოკრატიის ქვაკუთხედი. მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებების მიუხედავად, სწორედ პარლამენტში გადაიდგა ისტორიული ნაბიჯები, რომლებმაც მიგვიყვანა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სამართლის უზენაესობის აღიარებამდე, ძალაუფლების დაბალანსების პრინციპის დამკვიდრებამდე.

დღეს საქართველო შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფოა საპარლამენტო რესპუბლიკის ყველა ატრიბუტით, რომლის პოლიტიკურ სისტემასა და ინსტიტუტებს საფუძველს უმაგრებს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით აგებული კონსტიტუცია. არაერთხელ გვითქვამს და უნდა გავიმეოროთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლების საფუძველი დემოკრატიაა, ხოლო დემოკრატიას სამართლის უზენაესობა და მყარი კონსტიტუციური საძირკველი განაპირობებს.

საქართველოს პროგრესის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოცი წლის წინ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანება იყო. რაც დრო გადის, მით უფრო აქტუალურად და დამაჯერებლად ჟღერს საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ბატონ ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოთქმული სიტყვები: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ ევროპელობა ჩვენთვის ნიშნავს დასავლეთთან სრულფასოვან ინტეგრაციას, დემოკრატიის განვითარებას და თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, „ევროპელობა“ საქართველოს მოსახლეობისათვის დღემდე გაიგივებულია არა მხოლოდ გეოგრაფიულ ან პოლიტიკურ სიახლოვესთან, არამედ, ღირებულებებთან.

„ღირებულებებიდან დემოკრატია და თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია და მათი დაცვისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სწორედ ევროპის საბჭო გახლდათ. საქართველოს მიერ არჩეული გზა – გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი-მხარდაჭერილია როგორც პარლამენტისა და ზოგადად, ხელისუფლების, ისე საქართველოს მთელი მოსახლეობის მიერ. ამ თვალსაზრისით, 1999 წლიდან საქართველომ ძალიან შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. ევროკავშირთან გვაკავშირებს ასოცირების და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან შენგენის ქვეყნებში და იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ოფიციალურად აღიარებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას; ასევე, ნატო-ს სახელმწიფოთა ლიდერები ერთხმად აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ალიანსთან ინტეგრაციის კუთხით და ოფიციალურად ადასტურებენ, საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო.

საქართველოს გაწევრიანებამ ევროპის საბჭოში ძლიერი სტიმული მისცა ამ პროცესების დაჩქარებას და იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და სხვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს წარმატებული ინტეგრაციით დაგვირგვინდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უდიდესი გამოწვევაა საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რომელიც ევროპის საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების საგანია.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ განსაკუთრებული როლი შეასრულოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების მოსახლეობის უფლებების დაცვაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სწორედ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე უნდა მოხდეს.

ევროპის საბჭოს წევრობა უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრების თვალსაზრისით. ევროპის საბჭომ შეასრულა ღირებულებითი ორიენტირის ფუნქცია საქართველოში დემოკრატიული ნორმების გამყარებაში. ევროპის საბჭოში გაწევრიანების პირველივე დღიდან, ჩვენს საზოგადოებას კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატია განუყოფელი მცნებებია და სწორედ ამიტომ, ყოველთვის, როდესაც დემოკრატიული მონაპოვარი საფრთხის წინაშე დგებოდა, ჩვენი ხალხი იღებდა ბრძნულ გადაწყვეტილებას და ახალ სტიმულს აძლევდა დემოკრატიული პრაქტიკის განვითარებას ქვეყანაში.

2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანმა შეცვლამ მოგვცა კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოგვეყვანა ჩვენი პოლიტიკური სისტემა, რის მნიშვნელოვანი ეტაპიც იყო შარშანდელი საკონსტიტუციო რეფორმა.

ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ დაცული იყოს თითოეული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, რადგან მათ გარეშე დემოკრატია მხოლოდ ცარიელი სიტყვაა. თანამედროვე სახელმწიფო შესაქმნელად, რომელიც ჩვენი თაობის მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება, დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა-აუცილებელი პირობებია. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს ღირებულებები ქართველი ერის ისტორიული და არა მხოლოდ დღევანდელი არჩევანია. ნიშანდობლივია, რომ საქართველო დღესაც იმ პრინციპებზე და ღირებულებებზე დგას, რომლებიც ასი წლის წინ, საქართველოს პირველი პარლამენტის მოწვევისას გამოიკვეთა.

სიმბოლურია, რომ წელს ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს პარლამენტარიზმის ასი წლის იუბილე. დღეს აღვნიშნავთ საქართველოს ევროპასთან დაბრუნების – ევროპის საბჭოში გაწევრიანების ოცი წლისთავს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ძალისხმევას საქართველოს თავისუფლების განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქართული დემოკრატიის შეუქცევადი განვითარება და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება მოჰყვება. ეს არის ის მიზნები, რითაც არის ნაკარნახევი თითოეული ჩვენგანის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოსა და მის საპარლამენტო ასამბლეას ქართული დემოკრატიისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გამყარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.