ლიხტენშტაინი ელექტრონული სერვისებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა
ლიხტენშტაინი ელექტრონული სერვისებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა

ლიხტენშტაინი დაინტერესებულია, ელექტრონული სერვისებისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას გაეცნოს, – ამის შესახებ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიუნხენში გამართული შეხვედრის დროს ისაუბრეს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ციფრული სერვისებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში ორივე ქვეყნის სტრატეგია. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დადებითად შეფასდა საერთაშორისო რეიტინგებში კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოს წარმატებული პოზიციები, რომლის თანახმადაც საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროპის მასშტაბით მესამე ადგილზეა. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას ასევე გააცნო მის ინიციატივები დიპლომატიური საქმიანობასა და საკონსულო მომსახურებაში ელექტრონული სერვისების აქტიური დანერგვის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი პირველი უწყება იქნება, რომელიც დიპლომატიაში ციფრულ ტექნოლოგიებს გამოიყენებს და ამ ინიციტივით უკვე დაინტერესდნენ ამ სფეროში მოღვაწე უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ლიხტენშტაინისა და საქართველოს თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. მიხეილ ჯანელიძემ ლიხტენშტაინის საგარეო, კულტურისა და იუსტიციის მინისტრი აურელიაფრიკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. თავის მხრივ, ლიხტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოხატა დაინტერესება ესტუმროს საქართველოს, რომელიც რეგიონში სწრაფად განვითარებადი თანამედროვე ქვეყნის იმიჯით სარგებლობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ლიხტენშტაინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებით აღინიშნა ლიხტენშტაინის მხრიდან საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისთვის გამოყოფილი დახმარება, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებების, სამართლის, უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით არსებული პროექტების განხორციელებას.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის თავისუფალი შეთანხმების ამოქმედებას, რაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე შევა ძალაში და ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ განვითარებას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების, სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და ტურიზმის სექტორში მზარდი შესაძლებლობების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, კვლავაც აქტიურად ითანამშრომლონ საერთაშორისო ფორმატებში ცალკეული ინიციატივების მხარდაჭერის მიმართულებით.