ლიკა ჯიჯეიშვილმა ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა | იუნიორთა მსოფლიო თასი ხმლით ფარიკაობაში
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ხმლით მოფარიკავეთა შორის იუნიორთა მსოფლიო თასი მიმდინარეობს, სადაც დღეს ქართველი ლიკა ჯიჯეიშვილი ასპარეზობდა. ლიკა საუკეთესო რვა სპორტსმენში მოხვდა და გამოსვლა დაასრულა.
პირველ ეტაპზე ის ავსტრიელ ევა-მარია გუტს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად, ანგარიშით 15:4 დაამარცხა. T64-ში მისი მოწინააღმდეგე რუმინელი მარია მატეია იყო. ლიკამ მატეიასაც მოუგო (15-10) და შემდეგ უკრაინელ ოლექსანდრა ბონდარს 15-11 აჯობა.
მერვედფინალში ჯიჯეიშვილის მეტოქე ფრანგი კოლის სუზანი იყო. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა და ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით 15-14 დასრულდა. მეოთხედფინალში მან გერმანელ ლიზა გეტტესთან წააგო (15-11) და ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა.
ქალთა ტურნირში 153 მოფარიკავე გამოდიოდა.