„ლიგა 2“ დაიწყო - ტურის საუკეთესო მოთამაშე მაქაცარიას ეფექტური გოლი [ვიდეო]
„ლიგა 2“ დაიწყო - ტურის საუკეთესო მოთამაშე მაქაცარიას ეფექტური გოლი [ვიდეო]

საფეხბურთო სეზონი ეროვნული ლიგა 2-შიც დაიწყო.

რუხი. ზუგდიდის „დინამომ“ თბილისის „შევარდენი 1906-ს“ რუხში ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გოლები ზაურ ხაბეიშვილმა (75) და ირაკლი კლიმიაშვილმა (86) გაიტანეს.

თბილისი. „სპაერის“ სტადიონზე ლიგაში წლეულს გადმოსული ორი გუნდი შეხვდა – ეროვნული ლიგიდან დაქვეითებული თბილისის „მერანი“ და ლიგა 3-დან დაწინაურებული საგარეჯოს „გარეჯი“. შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 0:0.

რუსთავი. ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში „რუსთავმა“ ბოლნისის „სიონი“ მიიღო და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ბიძინა მახარობლიძის ანგარიშზეა, რომელმაც თავი მე-20 წუთზე გამოიჩინა.

ივანწმინდა. ახლო წარსულში ეროვნული ლიგის ორი წამყვანი კლუბი დაუპირისპირდა – გასულ სეზონში დაქვეითებული საჩხერეს „ჩიხურა“ „ვიტ ჯორჯიას“ დაუზავდა – 1:1. ანგარიში 25-ე წუთზე ზურაბ სეხნიაშვილმა გახსნა და სტუმრები დააწინაურა. საჩხერელებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 86-ე წუთზე ალექსანდრე ტეფნაძის გოლით შეძლეს.

ზესტაფონი. ყველაზე შედეგიანი თამაში „გაგრამ” აჩვენა, გუნდის თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია უდავოდ პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. საქართველოს თასის მფლობელმა ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარტვილის „მერანი” მიიღო და 3:0 დაამარცხა. მაქაცარიამ დუბლი (16, 65) შეასრულა, მესამე გოლი კი მისი გადაცემით გიორგი ვეკუამ (44) გაიტანა. განსაკუთრებით ლამაზი მაქაცარიას მეორე გოლი იყო, რომელიც შორეული დარტყმით გაიტანა.