ლიფტში არასრულწლოვანზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ლიფტში არასრულწლოვანზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოზარდზე თავდასხმის ფაქტზე  თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აზერბაიჯანის მოქალაქე გ. რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, მას ბრალად ედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანების მცდელობა  (სსსკ-ის 19,117-5, ბ). აგრეთვე სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (სსსკ-ის 151-2,გ).

საქმე ეხება, თბილისში, 2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 14:40 საათზე, მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა ლიფტის კაბინაში, 13 წლის არასრულწლოვანს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მიზნით, ძლიერად მოუჭირა ხელები ყელის არეში, დაუჭირა თავი და ცერა თითებით აწვებოდა თვალებზე, ურტყამდა ხელებს თავის, ზურგისა და გულ-მკერდის არეში. ხელით დაუზიანა მარცხენა ლოყა, ამავდროულად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

მოზარდის დახმარება სადარბაზოში ბავშვის ყვირილზე გამოსულმა მეზობლებმა შეძლეს, რომლებმაც ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთეს.

დაზარალებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებისა და მისი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, დახურულ სხდომაზე იმსჯელა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს საქართველოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, არ ჰყავს ოჯახი და პარალელურად აქვს კავშირები სხვა სახელმწიფოსთან, მისი მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლისა და მოსალოდნელი სასჯელისგან თავის არიდების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ გ.რ.-ს მიმართ პატიმრობა გამოიყენა.