ლიეტუვური გამომცემლობა, ჰიტლერის წიგნის გამოცემის განზრახვის გამო, კრიტიკის სამიზნე გახდა
გამომცემლობა „ობიოლისის“ მიერ გამოსაცემად მომზადებული ადოლფ ჰიტლერის წიგნის, „ჩემი ბრძოლა“ ლიეტუვური ვერსია / ფოტო: გამომცემლობა „ობიოლისი“
ლიეტუვის კულტურის მინისტრმა, ლუკას ალსისმა ეჭვქვეშ დააყენა ლიეტუვაში ადოლფ ჰიტლერის წიგნის, „ჩემი ბრძოლის“ (Mein Kampf) გამოცემის დროულობა, მიუხედავად გამომცემლობის დაპირებისა, რომ ტექსტს ვრცელი ისტორიული კომენტარები და კრიტიკული ანალიზი დაერთვება.
800-გვერდიანი გამოცემის დაბეჭდვას გამომცემლობა „ობიოლისი“ დეკემბრის ბოლოს გეგმავს.
ალსისის თქმით, ის სკეპტიკურად უყურებს იმას, რამდენად შესაფერისი დროა ახლა ლიეტუვაში ასეთი სკანდალური ნაწარმოების გამოცემისთვის. ამასთან, დასძინა, რომ წიგნის გამოსვლის შემდეგ თანდართული კომენტარები და ანალიზი აკადემიურმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.
მიმდინარე კვირაში გამომცემლობამ კომენტარის გაკეთების შესახებ რამდენიმე მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.
ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში „ობიოლისმა“ აღნიშნა, რომ გამოცემაში შევა პოლონელი ისტორიკოსის, ეუგენიუშ ცეზარი კროლის მიერ მომზადებული 1 500-ზე მეტი სქოლიო, კომენტარი და განმარტება. წიგნს ასევე დაერთვება გენოციდისა და წინააღმდეგობის ლიეტუვის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, არუნას ბუბნისის წინასიტყვაობა.
გამომცემლობის განცხადებით, წიგნი დანაშაულებრივი რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება და მისი მიზანია, მომავალ თაობებს ისტორიული გაკვეთილი შეახსენოს.
„ჩემი ბრძოლის“ ტექსტი დიდი ხანია ხელმისაწვდომია ინტერნეტში, ძველ თარგმანებსა და გამოცემებში, თუმცა – ყოველგვარი კრიტიკული კონტექსტის გარეშე. შესაბამისად, დღეს მთავარი საკითხი ის კი არ არის, ხელმისაწვდომია თუ არა ტექსტი, არამედ ის, მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ეს წმინდა პროპაგანდისტული ნაწარმოები თუ მისი გაგებისა და კრიტიკულად შეფასების ინსტრუმენტებიც“, – ნათქვამია გამომცემლობის განცხადებაში.
„ობიოლისის“ აზრით, კრიტიკული კომენტარებით და ანალიზით გამოცემული წიგნი მკითხველს პროპაგანდისტული ხერხების ამოცნობაში დაეხმარება. მათ შორის ისეთ მეთოდებში გარკვევაში, როგორიცაა შეთქმულების თეორიები, კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება, მტრის ხატის შექმნა და რთული სოციალური პრობლემების ერთ კონკრეტულ „დამნაშავემდე“ დაყვანა.
ალსისის თქმით, კრიტიკულ ანალიზს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ისტორიულ კვლევებში, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ წიგნი ასევე უნდა განიხილებოდეს, როგორც ნაცისტური რეჟიმის პროდუქტი.
„მეცნიერებასა და ისტორიას, ალბათ, ახალი და კრიტიკული შეფასებები სჭირდება. ზუსტად ისეთი, როგორც ლიეტუვაში ვექცევით საბჭოთა პერიოდში გამოცემულ ყველა წიგნსა და ხელოვნების ნიმუშს, როდესაც მათ კრიტიკულად ვაფასებთ“, – დასძინა მან.
ლიეტუვის კანონმდებლობა კრძალავს ნაცისტური სიმბოლიკის გავრცელებასა და საჯარო დემონსტრირებას. თუმცა, ეს აკრძალვა არ ვრცელდება მათ გამოყენებაზე მუზეუმებში, აგრეთვე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების, განათლების, სამეცნიერო კვლევის, სახელოვნებო საქმიანობისა და კანონით განსაზღვრულ სხვა კონკრეტულ შემთხვევებზე.
პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, გამონაკლისი ჰიტლერის წიგნის გამოცემასაც შეეხება.