ლიეტუვის სეიმმა საგარეო და ევროპული პოლიტიკის გრძელვადიანი ორიენტირების შესახებ რეზოლუცია მიიღო, პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს
ლიეტუვის სეიმმა საგარეო და ევროპული პოლიტიკის გრძელვადიანი ორიენტირების შესახებ რეზოლუცია მიიღო, პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს

ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია ქვეყნის საგარეო და ევროპული პოლიტიკის გრძელვადიანი ორიენტირების შესახებ. როგორც საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.

კერძოდ, პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირის საბჭოში 2025 და 2027 წლებში პოლონეთისა და ლიეტუვის თავჯდომარეობის პერიოდში ლიეტუვის პარლამენტი შეეცდება, ევროკავშირის ასოცირებულმა პარტნიორებმა – მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს მათთან ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებები.

ამასთან, სეიმი მიიჩნევს, რომ ძალისხმევა უნდა იქნას მიმართული, რათა ბელარუსში რაც შეიძლება მალე ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ლიეტუვის სეიმმა საგარეო და ევროპული პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია 112 ხმით დაამტკიცა, სამმა დეპუტატმა თავი შეიკავა.