ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების გამო, გიტანას ნაუსედას ბრიუსელის ერთ-ერთ სასტუმროსთან პროტესტით დახვდნენ
ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის, LRT-ის მუშაობის შესახებ კანონში ცვლილებების გამო, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას ბრიუსელში, სასტუმროსთან პროტესტით დახვდნენ. ამის შესახებ ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT ავრცელებს ინფორმაციას.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის პრეზიდენტს აქციის რამდენიმე მონაწილე დახვდა პლაკატებით იმ დროს, როდესაც ნაუსედა ევროპული საბჭოს სხდომაზე დასასწრებად სასტუმროდან გამოვიდა.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით – „ხელები შორს“, „პრეზიდენტი ხერხემლის გარეშე“, „გვირგვინი მძიმე არ არის, როცა ხერხემალი გაქვს“ და აფრიალებდნენ გასაბერ ფიგურას, რომელზეც გიტანას ნაუსედას სახე იყო გამოსახული.
ევროპულ საბჭოში მისვლისას ნაუსედამ განაცხადა, რომ ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის, LRT-ის ხელმძღვანელობის სრულმა განახლებამ შესაძლოა, დაძაბულობა შეამციროს და ნაჩქარევი საკანონმდებლო ცვლილებები შეუძლებელი გახადოს.
ცნობისთვის, სეიმმა გასულ კვირას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლებიც LRT-ის ხელმძღვანელის გათავისუფლებას ამარტივებს. მთავრობამ დაჩქარებული პროცედურა მოითხოვა, რათა სეიმმა ცვლილებები შობამდე დაამტკიცოს. ვილნიუსის ქუჩებში დაახლოებით 10 000 ადამიანი გამოვიდა და ეროვნული რადიოსა და ტელევიზიის ფუნქციონირების შესახებ კანონში ცვლილებების გამო უკმაყოფილება გამოხატა. პროტესტმა, ვილნიუსის გარდა, ლიეტუვის სხვა ქალაქებიც, მათ შორის კლაიპედა, კაუნასი, შიაულიაი, მარიამპოლე და კედაინიაიც მოიცვა.