ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში 54 წლის ეკონომისტი, გიტანას ნაუსედა ლიდერობს. ლიეტუვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 1471 საარჩევნო ოლქის მონაცემების დათვლის შემდეგ, ნაუსედას ხმათა 31,29 პროცენტი აქვს.
25,50 პროცენტით მეორე ადგილზეა ლიეტუვის ფინანსთა ყოფილი მინისტრი ინგრიდა შიმონიტე. მესამე ადგილზე, 23,45 პროცენტით ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, საულიუს სკვერნელისი იმყოფება.
ლიეტუვაში სულ 1972 საარჩევნო ოლქი ფუნქციონირებდა. არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50 პროცენტზე მეტ ხმას ვერც ერთი კანდიდატი ვერ იღებს.
მონაცემების მიხედვით, ორ კვირაში ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 56 პროცენტი იყო. საპრეზიდენტო არჩევნებში ცხრა კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.