ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელარუსი დატოვონ
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელარუსი დატოვონ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელარუსი დატოვონ. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელარუსის მმართველი რეჟიმი „მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“.

„მოვუწოდებთ ლიეტუვის მოქალაქეებს, უარი თქვან ბელარუსის რესპუბლიკაში გამგზავრებისგან და ასევე, მოვუწოდებთ ყველა ლიეტუველს ბელარუსში, დატოვონ ეს ქვეყანა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 23 მაისს მინსკის მოთხოვნით, ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს.

ბელარუსმა დისპეტჩერებმა შეატყობინეს ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ. მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა დააკავეს დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი.